საქართველოში მშვიდობის კორპუსის 68 მოხალისე ჩამოვიდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მშვიდობის კორპუსის 68 ამერიკელი მოხალისე საქართველოში ორი წლით დარჩება, რომლებიც ამ პერიოდის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადანაწილდებიან და საჯარო სკოლების მოსწავლეებს ინგლისურ ენას უფასოდ შეასწავლიან.
მათვე ინფორმაციით, სამსახურის დაწყებამდე მოხალისეები ინტენსიურ 11 კვირიან კურსებს გაივლიან ქართული ენის, კულტურისა და პროექტთან დაკავშირებული უნარების უკეთ შესწავლისთვის.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, განვითარების მიზნით, მშვიდობის კორპუსი მოხალისეებს სოფლებში, მიუვალ დასახლებებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ადგილებზე, ეთნიკური უმცირესობისა და სოციალურად დაუცველ თემებში ანაწილებს.
მოხალისეთა გარკვეული ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებშიც დასაქმდება. 2001 წელს, პირველი ჯგუფის ჩამოსვლიდან, საქართველოში უკვე 815-მა მოხალისემ იმსახურა.
მშვიდობის კორპუსის მოხალისეების ახალ ნაკადს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი და მშვიდობის კორპუსის პროგრამის წარმომადგენლები დახვდნენ.