საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენდირექტორად დავით კირვალიძის კანდიდატურას მხარს უჭერს
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენდირექტორად დავით კირვალიძის კანდიდატურას მხარს უჭერს

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის პოსტზე დავით კირვალიძის კანდიდატურას მხარს უჭერს. ყოფილი ელჩის სტატია ვებპორტალ „მედიუმზე“ გამოქვეყნდა.

„მე საქართველოში აშშ-ის ელჩად 1998-2001 წლებში ვმსახურობდი. ეს იყო რთული პერიოდი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავრობა, რომელიც სეპარატისტებთან ბრძოლასა და სამოქალაქო ომში იყო გახვეული, ცდილობდა მშვიდობის დამყარებასა და ეკონომიკური რეფორმების გატარებას ქვეყანაში, რომელიც იდგა საფრთხის წინაშე, გამხდარიყო წარუმატებელი სახელმწიფო. მოგვიანებით, 2000 წელს საქართველოს ბუნებრივი კატასტროფა დაატყდა თავს – ეს იყო ძლიერი გვალვა ისტორიული მასშტაბებით. საქართველოსთვის საბედნიეროდ, მაშინ სოფლის მეურნეობის მინისტრი ექიმი კირვალიძე იყო. მან უდიდესი სამსახური გასწია, რათა ქვეყანა გამოეყვანა კრიზისიდან, რომელიც საფრთხეს უქმნიდა სურსათის მიწოდებას და საქართველოს სოფლის მეურნეობის მთელ მომავალს. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო აშშ-მა მნიშვნელოვანი ეკონომიკურ და ტექნიკური დახმარებით უზრუნველყო და ძალიან შეშფოთებული იყო გვალვის მიერ შექმნილი საფრთხით. მე მინისტრთან რამდენიმე შეხვედრა მქონდა ამ პრობლემებისა და მათი მოგვარების გეგმის განსახილველად. მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი განათლება და წარსული გამოცდილება იდეალურად შეესაბამებოდა ამ ამოცანის შესრულებას. ის იყო შორსმჭვრეტელი პიროვნება ძლიერი იდეებით, ასევე ამ იდეების განხორციელების სურვილით“, – წერს კენეტ იალოვიცი.

ყოფილი ელჩის თქმით, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს სამთავრობო სტრუქტურები სუსტი იყო, დავით კირვალიძე კი გამოირჩეოდა თავისი გამოცდილებითა და ხელმძღვანელობის უნარით.

„მე ვადევნებდი თვალს, თუ როგორ ახორციელებდა ის რესურსების მობილიზებას მთავრობაში და ჩართული იყო უცხოელ დონორებთან მუშაობაში. მან ორგანიზება გაუწია გვალვის შედეგად დაზარალებულ რეგიონში ელჩთა კორპუსის სტუმრობას, რამაც შედეგად გამოიწვია საქართველოსთვის საგანგებო დახმარების გამოყოფა. ელჩების სტუმრობამ ფართო გამოხმაურება გამოიწვია და შეასრულა გადამწყვეტი როლი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ქართველების დარწმუნებაში, რომ ისინი მივიწყებულები არ არიან“, – წერს იალოვიჩი.

ყოფილი ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოდან წასვლის შემდეგ, მან დავით კირვალიძესთან მჭიდრო კონტაქტები შეინარჩუნა.

„მე საკმაოდ კარგად ვიცნობ მის შესანიშნავ მუშაობას სოფლის მეურნეობის სფეროში როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო არენაზე. ის ეჭვგარეშე იმსახურებს და მისი მაღალი კვალიფიკაცია შეესაბამება სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოზიციას“, – წერს კენეტ ალოვიჩი.

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ დავით კირვალიძეს გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად აირჩევენ.

„ის არის ოპტიმისტი, რომელსაც სჯერა, რომ სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შეუძლია, გააკეთოს უფრო მეტი მსოფლიოში შიმშილისა და სიღარიბის დასაძლევად და მან დაამტკიცა, რომ არის კარგი ხელმძღვანელი, რომელსაც შეუძლია ამ გეგმების შესრულება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მას აირჩევენ“, – აღნიშნავს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის დირექტორს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას 1-ლი აგვისტოდან უნდა შეუდგეს. დავით კირვალიძის გარდა, აღნიშნული თანამდებობისთვის კიდევ ოთხი კანდიდატი იბრძვის. კერძოდ, ჩინეთის, ინდოეთის, კამერუნისა და საფრანგეთის წარმომადგენლები. არჩევნები რომში 22-29 ივნისს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის კონფერენციის 41-ე სესიის ფარგლებში ჩატარდება.