გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა, დავით კირვალიძემ საკუთარი პროგრამა წარადგინა
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა, დავით კირვალიძემ საკუთარი პროგრამა წარადგინა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი რომში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ქვეყნების მიერ წარდგენილი კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების პრეზენტაციას დაესწრო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე საქართველოს მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, დავით კირვალიძემ საკუთარ გამოსვლაში ორგანიზაციის რეფორმირების აუცილებლობას, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური კადრების მობილიზების მნიშვნელობას, ორგანიზაციის დეცენტრალიზაციისა და გარემოსდაცვითი და სასურსათო უსაფრთხოების სისტემების გაძლიერების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

რომში, პოლიტიკის სწავლებათა ინსტიტუტში, „ჩეთემ ჰაუსის“ ფორმატში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  გენერალური დირექტორობის ქართველი და ფრანგი კანდიდატების დებატები გაიმართა, თემაზე – „სასურსათო უსაფრთხოების მიღმა“. დებატების მიზანია, ხელი შეუწყოს კანდიდატთა წინასაარჩევნო პროგრამების გამჭვირვალობას, საზოგადოების ჩართულობასა და ცნობადობის გაზრდას. დებატებში მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორის, აკადემიური წრეების, ფორმატში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები.

„ქართველი კანდიდატის წარდგენა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე არის არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონისთვის პირველი პრეცედენტი. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ წევრი ქვეყნები მხარს დაუჭერენ კომპეტენტურ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე და რეფორმებზე ორიენტირებულ კანდიდატს, რაც უზრუნველყოფს მსოფლიოს ყველა რეგიონის თანაბარ წარმომადგენლობას სიღარიბის დაძლევის და სურსათზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მიმართულებით“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძემ აღნიშნა, საქართველოს კანდიდატს შეუძლია, ღირსეულად წარადგინოს ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე და აღნიშნული ორგანიზაციის განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნოს აკადემიური, პოლიტიკურ წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს.

საერთაშორისო აგროსასურსათო კავშირის განვითარებისა და პოლიტიკის მრჩეველმა, ბრაიან ბოლდუინმა ქართველი კანდიდატის შეფასებისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კანდიდატის ხედვა კერძო სექტორის როლზე, რაც დაკავშირებულია როგორც სურსათის წარმოების, ისე სურსათის უვნებლობის, მცირე და საშუალო ფერმერების როლზე სასურსათო სისტემების გაძლიერებაში; ასევე, მისი დამოკიდებულება ორგანიზაციის გამჭვირვალობის საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ორგანიზაციულ გაძლიერებასა და მენეჯმენტის როლის წარმოჩენას.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის არჩევნები ივნისში გაიმართება. აღნიშნულ თანამდებობაზე კენჭს იყრიან საქართველოს, ჩინეთის, საფრანგეთისა და ინდოეთის წარმომადგენლები.