ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში 2021 წელს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო, რომელიც სისტემის ფუნდამენტურ და კომპლექსურ გაუმჯობესებას გულისხმობს
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში 2021 წელს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა დაიწყო, რომელიც სისტემის ფუნდამენტურ და კომპლექსურ გაუმჯობესებას გულისხმობს

2021 წლის პირველი ივნისიდან საქართველოში დაიწყო პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც გულისხმობს სისტემის ფუნდამენტურ და კომპლექსურ გაუმჯობესებას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქმიანობის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა.

ტიკარაძის თქმით, რეფორმა ითვალისწინებს შემდეგ მნიშვნელოვან ღონისძიებებს: ექიმებისა და ექთნების ანაზღაურების გაზრდა და მინიმალური ხელფასის დაფიქსირება პროგრამაში; სოფლად და ქალაქებში სამედიცინო პერსონალის ბაზისური ანაზღაურების გათანაბრება; შედეგებზე დამყარებული დაფინანსების მექანიზმის ამოქმედება; ბაზისური კაპიტაციური დაფინანსების გაზრდა; სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობებისა და შრომის პირობების გაუმჯობესება; პჯდ სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება/დაწესებულებების მშენებლობა-აღჭურვა; დაწესებულებების ინტერნეტიზაცია/კომპიუტერული უზრუნველყოფა.

მინისტრის განცხადებით, რეფორმა ასევე ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე არამხოლოდ ფინანსური, არამედ ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტელემედიცინის სისტემების დანერგვა.

ამასთან, ტიკარაძემ შემაჯამებელ ანგარიშში სოციალური კოდექსის შექმნაზეც ისაუბრა.

მისი თქმით, „სოციალური დაცვის მდგრადი, სამართლიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის, ევროკავშირისა და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით 2020 წელს დაიწყო მუშაობა „სოციალურ კოდექსის“ შემუშავებაზე.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სოციალური კოდექსი იქნება სოციალური დაცვის სისტემის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე საჭიროებების შესაბამისი მხარდაჭერის საფუძველი გახდება.

მინისტრის განცხადებით, გაანალიზდება არსებული გამოწვევები და გამოიკვეთება სისტემაში არსებული ღიად დარჩენილი საკითხები. აღნიშნულის შემდეგ კი მომზადდება წინადადებები სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესების და განვითარების მიზნით, როგორც საკანონმდებლო დონეზე რეგულირების, ისე ინსტიტუციური მოწყობის კუთხით. შედეგად, ჩამოყალიბდება სოციალური დაცვის მდგრადი სისტემა, რომელიც მოიცავს მხარდაჭერის ღონისძიებებს ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გაძლიერდა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებები და შეიქმნა სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი.

ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ 2019 წლიდან დაიწყო სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების რეფორმა. აღნიშნული მიზნების ეფექტურად განხორციელების მიზნით, კი  2020 წლის თებერვალში შეიქმნა  „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“.

„სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის შედეგად მის მართვაში არსებული სახელმწიფო საწოლფონდი პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 022 საწოლიდან გაიზარდა 2 000-მდე. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შემავალმა კლინიკებმა სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაუწია 257 893 პაციენტს. ასევე, ჰოლდინგის კლინიკებში მკურნალობა გაიარა 105 249 COVID პაციენტმა. ჰოლდინგი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას მის მართვაში არსებული დაწესებულებების განვითარებისთვის, რისთვისაც უახლოეს პერიოდში დაგეგმილია არაერთი მასშტაბური ღონისძიება“, – განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრმა ტელემედიცინის სერვისებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველადი ჯანდაცვის  რეფორმა ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე არამხოლოდ ფინანსურ, არამედ ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტელემედიცინის სისტემების დანერგვა.

„ევროკავშირისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, უკვე განხორციელდა რეგიონებში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების აღჭურვა ტელემედიცინის 50 აპარატით, რომლებიც სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მათი საცხოვრებელი ადგილის ფარგლებში ისარგებლონ ციფრული ჯანდაცვის შესაძლებლობებით.დამატებითი 50 ამბულატორია ტელემედიცინის პროექტს შემოუერთდება ევროკავშირის გრანტის ფარგლებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.