საქართველოში 100 000 დოზა ჩინური წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინა ჩამოვიდა [ვიდეო]

საქართველოში 100 000 დოზა ჩინური წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინა ჩამოვიდა. ვაქცინები სპეცრეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოიტანეს. ამ დროისთვის, ვაქცინების დასაწყობება მიმდინარეობს. მისი შენახვის პირობები +2 და + 8 გრადუსია.

„სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მინიჭების მოლოდინშია და პროცესი სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებისთვის დასრულდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქვეყანაში „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც ვაქცინა ჯანმო-ს ავტორიზაციას მიიღებს. მათივე ინფორმაციით, „სინოფარმით“ აცრის საშუალება ამ ეტაპზე 55 წელს ზემოთ მყოფ პირებს და სამედიცინო პერსონალს ექნებათ.

„სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული ხერხითაა დამზადებული – ვირუსის დასუსტებული ვერსია ორგანიზმის იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს. „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ მსგავსად, „სინოფარმის“ შემთხვევაშიც ვაქცინაციისთვის საჭიროა ორი დოზა, 21 დღის ინტერვალით.