საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი ბიზნესასოციაციები მოსამართლეებს შეხვდებიან
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრი ბიზნესასოციაციები მოსამართლეებს შეხვდებიან

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ბიზნესსექტორთან შეხვედრებს იწყებენ.

პირველი ასეთი ღონისძიება დღეს 13:00-ზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, პალატის საბჭოს ფორმატში გაიმართება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოში ამ ეტაპზე გაერთიანებულია საქართველოს ყველაზე მსხვილი 38 აქტიური ბიზნესასოციაცია, მათ შორის სექტორული ბიზნესგაერთიანებებიც.

შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე გახსნიან. ღონისძიების პირველ ნაწილში გაიმართება პრეზენტაცია „სასამართლო და ბიზნესი“, რომლის ფარგლებშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე კერძო სექტორს უწყების საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიქმნა მოსამართლეთა ახალი ვიწრო სპეციალიზაცია, რომელიც განიხილავს სანივთო სამართლებრივ დავებს, იურიდიული პირების რეგისტრაცია-მართვასთან დაკავშირებულ და სამეწარმეო სამართლებრივ დავებს.

პრეზენტაციაზე საუბარი იქნება საქმეების განხილვის სტატისტიკურ მონაცემებზე.

ბიზნესსექტორს საშუალება ექნება, მათთვის აქტუალურ საკითხებზე მოსამართლეებს შეკითხვები პირადად დაუსვან და პრობლემატიკა წარუდგინონ. შეხვედრაში მონაწილეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები და სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეები მიიღებენ.