საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა ყაზახეთში მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა, გრიგოლ ბაიბურთმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომაში. სხდომა ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში გაიმართა და მას ქართული მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ყაზახეთის რესპუბლიკის მხრიდან კი, ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი რომან სკლიარი ხელმძღვანელობდნენ.
კომისიის სხდომაზე, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივები და აღნიშნეს, რომ ორმხრივი ძალისხმევით, უზრუნველყოფენ საქონელბრუნვის მოცულობის კიდევ უფრო გაზრდას.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურმა დირექტორმა გრიგოლ ბაიბურთმა, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, ყაზახურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია, პალატის მიერ შემუშავებული ახალი მომსახურების – „მოიძიე პარტნიორის“ შესახებ, რომელიც ორი ქვეყნის დაინტერესებულ მეწარმეებს, საშუალებას აძლევს მოიძიონ საქმიანი პარტნიორები და ითანამშრომლონ ერთმანეთთან. გრიგოლ ბაიბურთმა, ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის პალატებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას. მისი თქმით, ამის კარგი მაგალითია, თბილისში წარმატებით ჩატარებული ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმი, რომლიც მიზანიც ორი ქვეყნის კომპანიებს შორის პირდაპირი საქმიანი კავშირების დამყარება იყო.