საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით სერბეთში იმყოფება
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვია.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სერბეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერ ვლადიმერ მარინკოვიჩთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟარკო ობრადოვიჩთან, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ნენად ჩანაკთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ დუბრავკა ფილიპოვსკისთან.
შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საპარლამენტო და კომიტეტთაშორისი კავშირების გაღრმავების პერსპექტივებს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერის საკითხებს და ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებებს. ასევე, საუბარი შეეხება სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სერბეთის გამოცდილების გაზიარებას და ურთიერთობების გაღრმავებას ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ვაჭრობა, ეკონომიკა, ხალხთაშორისი კავშირები და სხვა.
„ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების ბევრი შესაძლებლობა არსებობს. ეს განსაკუთრებით ეხება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერას. შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ამ კუთხით თანამშრომლობა და საერთო მიზნების დასახვა იქნება. სერბეთს ასევე აქვს საინტერესო გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, სადაც სოფიო ქაცარავა სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიან გიორგი ვოლსკი, გედევან ფოფხაძე და რამაზ ნიკოლაიშვილი.