სოფიო ქაცარავა ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება
სოფიო ქაცარავა ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს მან მონაწილეობა მიიღო გერმანიის კულტურული დიპლომატიის აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „30 წელი ბერლინის კედლის დაცემიდან“, სადაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას.

სოფიო ქაცარავამ შეხვედრები გამართა კონრად ადენაუერის ფონდის მმართველი საბჭოს წევრთან, ევროპარლამენტის ყოფილ პრეზიდენტთან ჰანს გერჰარდ პოტერინგთან, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელთან კარლ ლამერსთან; ბუნდესტაგის დეპუტატთან, ფედერალური მთავრობის კოორდინატორთან რუსეთის, ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებებს შორის ურთიერთობების საკითხებზე, დირკ ვიზესთან.

შეხვედრების მთავრი თემა იყო საქართველო-გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.

სოფიო ქაცარავამ შეხვედრებზე ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე და ამ პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას.

სოფიო ქაცარავამ გერმანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ინსტიტუციური, დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაში განხორციელებული კონტრიბუციისთვის.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.