საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება
საგარეო საქმეთა სამინისტროში ახალი სტრუქტურა – ევროკავშირთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.
როგორც მინისტრმა განმარტა, ახალი სტრუქტურა საგარეო უწყების, აგრეთვე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი აპარატის დეპარტამენტებს მოიცავს.
“ეს არის ევროპული ტიპის სტრუქტურა. პირველად სახელმწიფო სამსახურების პრაქტიკასა და ისტორიაში, ეს არის ევროკავშირთან ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, რომელიც მოიცავს რამდენიმე დეპარტამენტს – იმ დეპარტამენტებს, რომლებიც შემოგვიერთდა სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან და ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს არსებულ დეპარტამენტებს. გენერალური დირექტორატის ქვეშ იქმნება მყარი და ძლიერი სტრუქტურა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ რყევებზე“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.