მიხეილ ჯანელიძე - გაერო-ს რეზოლუცია უმნიშვნელოვანესია დევნილების უფლებების საერთაშორისოდ აღიარებისთვის
მიხეილ ჯანელიძე - გაერო-ს რეზოლუცია უმნიშვნელოვანესია დევნილების უფლებების საერთაშორისოდ აღიარებისთვის

გაერო-ს რეზოლუცია უმნიშვნელოვანესია დევნილების უფლებების საერთაშორისოდ აღიარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წელს რეზოლუციამ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მიიღო.

„საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტო აქტიურობის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვახერხებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას იმ პრობლემატიკასთან დაკავშირებით, რომელიც ახლავს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს, ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს რეზოლუცია უმნიშვნელოვანესია დევნილების უფლებების საერთაშორისოდ აღიარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ რეკორდული რაოდენობის მხარდაჭერა მივიღეთ – 81-მა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა დევნილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას. დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით აუცილებლად შესაძლებელი გახდება მათი უფლების აღსრულება“, – აღნიშნა ჯანელიძემ.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 72-ე სესიაზე გუშინ კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას წელს 81 ქვეყანამ დაუჭირა მხარი.