გაერო-ში საქართველოს რეზოლუციას ხუთი ახალი მხარდამჭერი და სამი მოწინააღმდეგე ჰყავს
გაერო-ში საქართველოს რეზოლუციას ხუთი ახალი მხარდამჭერი და სამი მოწინააღმდეგე ჰყავს

გაერო-ში საქართველოს ინიცირებული რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა ერთით, მოწინააღმდეგეთა კი ორით გაიზარდა.

რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” წელს 81 ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

შარშან ეს რაოდენობა 80-ს შეადგენდა. გაერო-ში საქართველოს ელჩის, კახა იმნაძის ინფორმაციით, წელს საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადეს მაკედონიამ, ჯიბუტიმ, დომინიკის რესპუბლიკამ, კირიბატიმ და სვაზილენდმა. ამ ქვეყნების ნაწილი შარშანდელ კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

ამასთან, რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც დოკუმენტს შარშან დაუჭირა მხარი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, წლევანდელი კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდა.

საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მოწინააღმდეგეებს წელს ჩრდილოეთ კორეა, მიანმარი და სუდანი დაემატნენ. კენჭისყრას არ ესწრებოდა სირიის წარმომადგენელი. შესაბამისად, თუ შარშან, სირია დოკუმენტის წინააღმდეგი იყო, წელს მისი ხმა არ დაფიქსირდა.

რეზოლუციას სულ 16 მოწინააღმდეგე ჰყავს (შარშან 14 იყო), მათ შორის არიან ბელარუსი, ბურუნდი, სომხეთი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, რუსეთი, სამხრეთ სუდანი, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.
61-დან 62-მდე გაიზარდა წელს იმ ქვეყნების რიცხვიც, რომლებმაც კენჭისყრისას თავი შეიკავეს.