საქართველოს პირველ არხზე „დებატები 2020-ის“ მონაწილე პარტიების რიგითობა და თითოეულ გადაცემაში პარტიების შემადგენლობა დღეს განისაზღვრება
საქართველოს პირველ არხზე „დებატები 2020-ის“ მონაწილე პარტიების რიგითობა და თითოეულ გადაცემაში პარტიების შემადგენლობა დღეს განისაზღვრება

დღეს, 15:00 საათზე საქართველოს პირველი არხი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მონაწილეობით კენჭისყრას გამართავს, რომლის მიხედვითაც, „დებატები 2020-ის“ მონაწილე პარტიების რიგითობა და თითოეულ გადაცემაში პარტიების შემადგენლობა განისაზღვრება.

წილისყრა საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

დებატებისთვის 18 კვალიფიციურ პარტიას ოთხი გადაცემა დაეთმობა, პირველ და 15 ოქტომბერს „დებატები 2020-ში“ მონაწილეობას მიიღებს ოთხ-ოთხი კვალიფიციური პარტია, ხოლო 22 და 29 ოქტომბერს ხუთ-ხუთი კვალიფიციური პარტია. 41 არაკვალიფიციური სუბიექტის დებატები ასევე ოთხ გადაცემაში შედგება – 6, 13, 20 ოქტომბერს 10-10 პარტიის მონაწილეობით, ხოლო 27 ოქტომბერს – 11 პარტიის მონაწილეობით.

კონკრეტულ გადაცემებში მონაწილე სუბიექტები განისაზღვრება წილისწყრით. რომელიმე საარჩევნო სუბიექტის უარის შემთხვევაში, დებატებში მონაწილეთა რაოდენობა შემცირდება. დღევანდელი კენჭისყრის საფუძველზე ასევე დადგინდება სუბიექტების პრეზენტაციებისთვის გამოყოფილი ტელე და რადიო ეთერების რიგითობა.

საქართველოს პირველი არხი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეთერს უთმობს დებატებისთვის, სთავაზობს ეთერს მიმართვისთვის „მოამბის“ მთავარ, 21:00-საათიან გამოშვებაში. 30 სექტემბრიდან „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში სულ მცირე ორი სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელს დაეთმობა დრო, ჯამში 10 წუთი. (თითოეულს 5 წუთი). საარჩევნო სუბიექტებს დაეთმობათ დრო „საქართველოს რადიოს“ გადაცემაში „არჩევნები 2020“.

გადაცემა ეთერში გადის ყოველ სამუშაო დღეს, 14:00 საათზე. ყოველ სუბიექტს დაეთმობა 10 წუთი. საქართველოს პირველი არხი, როგორც დებატებში, ასევე „მოამბეში“ და რადიოს ეთერში საეთერო დროის გამოყოფის თუ საარჩევნო რეპორტაჟების მომზადებისაც ხელმძღვანელობს არსებული კანონმდებლობით და ყველა საარჩევნო სუბიექტის მიმართ სამართლიანი მიდგომით. დებატების წინასწარი პროექტი: საარჩევნო დებატები საქართველოს პირველი არხის ეთერში გაიმართება პირველი ოქტომბრიდან, სამშაბათსა და ხუთშაბათს, 22.30 საათზე. სულ დაგეგმილია რვა დებატი, თითოეულის ქრონომეტრაჟია 90 წუთი. დებატებში მონაწილე კანდიდატებს ექნებათ თანაბარი დრო კითხვებზე პასუხის გასაცემად.

დებატები შედგება რამდენიმე რაუნდისგან. ყველა კანდიდატს მისალმებისა და შეჯამებისთვის ექნება ერთი წუთი, წამყვანის კითხვებზე პასუხის გასაცემად – ორი წუთი, ხოლო ერთმანეთისთვის კითხვაზე პასუხის გასაცემად – ერთი წუთი. დებატებს გაუძღვებიან: ხუთშაბათობით გიორგი გვიმრაძე, სამშაბათობით – მაკა ცინცაძე.

დებატებში მონაწილეობის დადასტურების შემთხვევაში დებატების ფორმატის შესახებ დეტალური ინტსრუქცია კანდიდატებს გაეგზავნებათ ტელედებატების გამართვამდე ორი დღით ადრე. დებატებში მონაწილე კანდიდატის შერჩევა თავად პარტიის პრეროგატივაა. წინასაარჩევნო დებატების სამართლებრივი რეგულაციები საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არადისკრიმინაციულად უნდა უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 55(2) ამ კანონით დადგენილი საეთერო დროის თანაბრად განაწილების, წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობისას ერთნაირი პირობების შექმნის ვალდებულება ვრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მხოლოდ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებით. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მუხლი 185(2-4).

დატოვე კომენტარი