სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პარტია „აყვავებული სომხეთი“ საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პარტია „აყვავებული სომხეთი“ საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს

სომხეთის ცესკო-ს თავმჯდომარემ, ვაჰაგნ ჰოვაკიმიანმა სომხეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. მისივე თქმით, ამ დროისთვის დათვლილია 2005 საარჩევნო უბნის შედეგები და აღნიშნა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 477 736-მა ამომრჩეველმა.

როგორც სააგენტო „არმენპრესი“ იუწყება, ვაჰაგნ ჰოვაკიმიანის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებისა და ცესკო-ს ოქმის მიხედვით, ოთხ წამყვან პოლიტიკურ ძალას შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„სამოქალაქო კონტრაქტი“ – 727 160 ხმა (49.825%), „ძლიერი სომხეთი“ – 340 888 ხმა (23.281%), „სომხეთი“ – 145 113 ხმა (9.934%), „აყვავებული სომხეთი“ – 58 378 ხმა (3.996%).

ცესკო-ს თავმჯდომარე ჰოვაკიმიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მონაცემები წინასწარია და წინ კიდევ არის კორექტირებისა და გადათვლის ეტაპი, რომლის ფარგლებშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა შედეგები ერთი ხმის სიზუსტით დადგინდეს.

მისი განმარტებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები არ მოიცავს ელექტრონული კენჭისყრის შედეგებს, ხოლო სისტემის მიერ გამოთვლილი პროცენტული მაჩვენებლები მეასედებამდე მრგვალდება.

„ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სიტუაციასთან, როდესაც ერთი ხმა, შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც საარჩევნო ბარიერთან ძალიან ახლოს არის. კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ეს წინასწარი შედეგებია. წინ გვაქვს კორექტირებისა და გადათვლის ეტაპი, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შედეგები ერთი ხმის სიზუსტით მივიღოთ. საბოლოო შედეგმა, იდეალურ შემთხვევაში, უნდა ასახოს სომხეთის რესპუბლიკის ამომრჩეველთა ნება“, – განაცხადა ჰოვაკიმიანმა.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე არსებული ონლაინსისტემის მიხედვით, პარტია „აყვავებული სომხეთი“ ხმების 4%-ს აგროვებდა, რაც გამსვლელ ბარიერს შეესაბამება, თუმცა მოგვიანებით ვაჰაგნ ჰოვაკიმიანის მიერ წარმოდგენილი მონაცემებიდან გაირკვა, რომ პარტიამ 4%-იანი ზღვარი ვერ გადალახა.

ცნობისთვის, სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში სტაბილური უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდება, 28 დღეში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს ის ორი პარტია, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.