სომხეთის ცესკო-ს პრესსპიკერი აცხადებს, რომ არჩევნებზე საზღვარგარეთ უბნები არ გაიხსნება, ეს ნორმა 14 წელია, მოქმედებს, თუმცა გამონაკლისის სახით იქნება ელექტრონულად ხმის მიცემაც
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ მყოფი სომხეთის მოქალაქეებისთვის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის წესი განმარტა.
როგორც სომხეთის ცესკო-ს პრესსპიკერმა, სედა გუკასიანმა „არმენია თუდეისთან“ საუბარში განაცხადა, სომხეთის მოქალაქეები ხმის მიცემას მხოლოდ სომხეთის ტერიტორიაზე შეძლებენ.
სედა გუკასიანის განცხადებით, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება. მისივე თქმით, ეს საკანონმდებლო ნორმა უკვე 14 წელია, მოქმედებს.
„სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საზღვარგარეთ, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურად იქნებიან ქვეყანაში“, – განმარტა გუკასიანმა.
ცესკო-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გამონაკლისი დაშვებული იქნება სომხეთის დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობებში მომუშავე მოქალაქეებისთვის, ასევე გრძელვადიან მივლინებაში მყოფი მოქალაქეებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, საზღვარგარეთ სწავლადამთავრებული სტუდენტებისა და მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრებისთვის.
ისინი არჩევნებში მონაწილეობას ერთი კვირით ადრე, ელექტრონული ხმის მიცემის ფორმით შეძლებენ. იმ ამომრჩეველთა სია, რომლებმაც ელექტრონულად მიიღეს მონაწილეობა, ცესკო-ს პირველ ივნისს გადაეგზავნება.
„აღნიშნულ პირებს ელექტრონული ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ 29 მაისის 08:00 საათიდან 31 მაისის 20:00 საათამდე. ელექტრონულად მონაწილე ამომრჩეველთა სია ცესკო-ს პირველ ივნისს, 12:00 საათამდე გადაეგზავნება“, – განაცხადა სომხეთის ცესკო-ს წარმომადგენელმა.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება.