Euractiv – ესპანეთის „სოციალისტური პარტიის“ მიმართ კორუფციული სკანდალების მიუხედავად, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე 2027 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება

10:55, 01.06.2026

ესპანეთის „სოციალისტური პარტიის“ მიმართ არსებული კორუფციული სკანდალების მიუხედავად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ თანამდებობაზე 2027 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება. ამის შესახებ სტატიას Euractiv-ი აქვეყნებს.

გამოცემის მიხედვით, „სოციალისტური პარტიის“ (PSOE) ახალგაზრდულ კონგრესზე გამოსვლისას სანჩესმა დაიცვა თავისი მთავრობის მიღწევები და აღნიშნა, რომ დანებებას არ აპირებს.

„ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას. ჩვენ გავაგრძელებთ მმართველობას 2027 წლამდე. და მას შემდეგაც!“ – დაარწმუნა მან.

სანჩესის თქმით, ამომრჩეველს მეტი დრო სჭირდება კოალიციის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგების სანახავად. მან ასევე უარყო ვადამდელი არჩევნების მოწოდებები, მიუხედავად მის მთავრობაზე სკანდალების სერიის გამო ზეწოლისა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის პარტია კორუფციული სკანდალების სერიაში გაეხვია. მედიის ინფორმაციით, მისი ძირითადი მოკავშირეებისა და ოჯახის წევრების მიმართ არაერთი გამოძიება მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, „სოციალისტური პარტიის“ კიდევ ერთი წამყვანი პოლიტიკოსი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო  გავლენის უკანონოდ გამოყენებასა და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებში ბრალდებულად ცნეს. გამოძიება მიმდინარეობს სანჩესის მეუღლის, ბეგონია გომესის წინააღმდეგაც.

მსგავსი