საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს არის იაპონიის მხრიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების არსებობის პერიოდში.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. ტარო კონო პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
ვიზიტის ფარგლებში, ნოტების გაცვლის გზით, გაფორმდება შეთანხმება იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის (ფაზა 2) თაობაზე. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, იაპონიის მთავრობა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (Japan International Cooperation Agency, JICA) მეშვეობით გამოყოფს 38.735.000.000 იაპონური იენის ოდენობის დაფინანსებას (დაახლოებით 343 მლნ აშშ დოლარი) ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის საავტომობილო გზის (14.7 კმ.) მშენებლობისთვის.
„იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების დადასტურებას და საქართველოს მიმართ უმაღლეს დონეზე გამოვლენილ მხარდაჭერას“, – აცხადებენ საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი 5 სექტემბერს დასრულდება.