საქართველო იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ინტერესს გამოხატავს
საქართველო იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ინტერესს გამოხატავს

საქართველო იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ინტერესს გამოხატავს, – აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ტარო კონოსთან დღევანდელ შეხვედრაზე გამოვიდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის განხილვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს და გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს უფრო ეფექტიანად ინტეგრირებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო იაპონიასა და საქართველოს შორის ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესის მიმდინარეობას, რომელიც დასკვნით ეტაპზეა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ პრინციპულ საკითხებზე პოლიტიკურ დონეზე შეთანხმება უკვე მიღწეულია და იმედი გამოთქვეს, რომ მოლაპარაკებები ოქტომბერში წარმატებით დასრულდება. პრემიერი დარწმუნებულია, რომ შეთანხმება იაპონიიდან მეტი მაღალტექნოლოგიური ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას შექმნის.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყნას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა და ხაზი გაუსვა შეთანხმებებს, რომლებიც საქართველოსა და იაპონიას შორის დღეს გაფორმდა.

განსაკუთრებით აღინიშნა იაპონიასთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებების მნიშვნელობა, რაც, ხალხთაშორისი, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იაპონიის მთავრობას ასევე მადლობა გადაუხადა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტისთვის გამოყოფილი დაფინანსებისთვის, რომლის შესახებ შეთანხმება იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში დღეს გაფორმდა.

„უახლოეს მომავალში დასრულდება მოლაპარაკებები იაპონიასთან ორმხრივ საინვესტიციო შეთანხმებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტი მაღალტექნოლოგიური ინვესტიცია მოვიზიდოთ იაპონიიდან. ამასთან ერთად, დღეს ჩვენ, ქართულმა მხარემ ინიცირება გავუკეთეთ კონსულტაციების დაწყებას თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მსოფლიო ეკონომიკაში საქართველოს უფრო ეფექტურად ინტეგრირება მოვახდინოთ. იაპონიის ეკონომიკა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იაპონიასთან გვქონდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ სხვა პროექტების შესახებ, რომელიც დაგვეხმარება, ორმხრივი ვაჭრობა კიდევ უფრო გავზარდოთ. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას გამოყოფილი კრედიტისთვის, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის რეალიზაციას მოხმარდება. ეს საინჟინრო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთია და შესაბამისად, იაპონური ტექნოლოგიების გამოყენება ამ პროექტის დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ შეხვედრის შემდეგ.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. ტარო კონო დღესვე ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, აღმოსავლეთი-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის იაპონია საქართველოს 343 მილიონ დოლარს გამოუყოფს.