ომის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა
ომის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

ომის დაწყების შემდეგ პირველად, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა, – ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იოშიმასა ჰაიაში უკრაინაში ჩავიდა, რათა გამოეხატა ტოკიოს მხარდაჭერა კიევისთვის რუსული აგრესიის ფონზე.

„უკრაინაში ვიზიტის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში დაუდასტურებს საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას, რომ იაპონია თანამშრომლობს საერთაშორისო საზოგადოებასთან რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებაში და გამოხატავს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, რათა სწრაფად დაასრულოს რუსული აგრესია. გამოვხატავთ იაპონიის მტკიცე პოზიციას, რომ უკრაინის მხარეს ვართ“, – აღნიშნულია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, ვიზიტის დროს განიხილება უკრაინის ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის მიზნით იაპონურ-უკრაინული კონფერენციის ორგანიზებისა და გამართვის საკითხები.

ამასთან, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი განიხილავს ინიციატივას, როგორც G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის თავმჯდომარე, წაახალისოს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა, მათ შორის გლობალური სამხრეთის ქვეყნები, მხარი დაუჭირონ უკრაინის ძალისხმევას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.