დავით ზალკალიანი - იაპონიის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს
დავით ზალკალიანი - იაპონიის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს

იაპონიის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მცოცავი ანექსია კვლავ გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა იაპონელ კოლეგასთან, ტარო კონოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზალკალიანი მინისტრს მიესალმა და აღნიშნა, რომ საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან მიღწევას და საქართველოს მიმართ უმაღლეს დონეზე გამოვლენილ მხარდაჭერას წარმოადგენს.

„სიმბოლურია, რომ თქვენი ვიზიტი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების საიუბილეო წელს დაემთხვა. 100 წლის წინ იაპონია იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აღიარეს. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე იაპონია ჩვენი ქვეყნის ძლიერ მხარდამჭერად და პარტნიორად იქცა, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე“, – მიმართა დავით ზალკალიანმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს.

მისი შეფასებით, საქართველოსა და იაპონიას ფუნდამენტური ღირებულებები, დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა აერთიანებთ.

„ჩვენს ქვეყნებს მნიშვნელოვანი და აქტიური წვლილი შეაქვთ მსოფლიოს მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში. მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა. გახშირდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები და გაღრმავდა უწყებათაშორისი თანამშრომლობა“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მან იაპონელ კოლეგასთან დღეს გამართულ შეხვედრას შინაარსიანი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო-იაპონიის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს.

„როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოსა და იაპონიას შორის სრული ურთიერთგაგებაა. იაპონია ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მიესალმება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოსა და იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ჩამოყალიბებულია რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატი, რაც ორმხრივი ურთიერთობების განხილვის ეფექტიან მექანიზმს წარმოადგენს.

ამასთან, დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველო-იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ტარო კონო დღეს ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, აღმოსავლეთი-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის იაპონია საქართველოს 343 მილიონ დოლარს გამოუყოფს.