მარიამ გაბუნია - იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენს მეწარმეებს სავაჭრო პოტენციალის მეტად ათვისების საშუალებას მისცემს
მარიამ გაბუნია - იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენს მეწარმეებს სავაჭრო პოტენციალის მეტად ათვისების საშუალებას მისცემს

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები საქართველოს უდიდეს უპირატესობას ანიჭებს მსოფლიო ბაზრებზე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ გაბუნიამ განაცხადა.

„2017 წელს იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული, ექსპორტი 39 პროცენტით გაიზარდა, მაშინ, როცა ზოგადად ექსპორტი 29%-ით გაიზარდა. ეს თვალსაჩინო მაჩვენებელია. ამასთან, საქართველოს ძირითადი საექსპორტო ბაზრები ის ქვეყნებია, რომელთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს გაფორმებული. ამ ბაზრებზე ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 75 პროცენტამდე მოდის“, – აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და დსთ-ს ყველა ქვეყანასთან, თურქეთთან. ჰონგ-კონგთან, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოეწერა მიმდინარე წლის ივნისში, რომელიც სავარაუდოდ ძალაში შევა 2018 წლის ბოლომდე.

„აღსანიშნავია, რომ დასრულების სტადიაზე საქართველო-ინდოეთის თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის შედეგების საფუძველზეც მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების დაწყების მიზანშეწონილობის შესახებ“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

მათივე ცნობით, ისრაელის მხარესთან საქართველომ ასევე ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების მემორანდუმს.

„რაც შეეხება იაპონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ წამოაყენა უმნიშვნელოვანესი ინიციატივა იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

მარიამ გაბუნიას თქმით, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სრულიად განსხვავებულ საფეხურზე გადავა როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, ასევე უნიკალურ როლსა და ფუნქციას შესძენს საქართველოს მსოფლიო რუკაზე.

„რა თქმა უნდა, ეს შეთანხმება ჩვენს მეწარმეებს სავაჭრო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისების საშუალებას მისცემს“, – აცხადებს გაბუნია.