საქართველოს მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა იწყება
საქართველოს მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა იწყება

საქართველოს მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა იწყება.

პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყნის რეგიონის მოსახლეობას ექნება ისეთივე სახისა და ხარისხის მომსახურების მიღების საშუალება, როგორც დედაქალაქში. ამის შესახებ „ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება საქართველოს მუნიციპალიტეტებში“ პრეზენტაციაზე განაცხადეს.

როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, ელექტრონული სისტემა დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა სივრცითი მოწყობა, ჯანდაცვა და სოციალური სერვისების კეთილმოწყობა, დასუფთავება და ა.შ.

პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომლის შეფასებითაც, აღნიშნული პროექტი არის ამბიციური და შემცირებული ბიუროკრატიის ხარჯზე მოხდება მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდება.

„პროექტი მოიცავს 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი სტანდარტის, მაღალი ხარისხის ელექტრონული სერვისების დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ნაკლებ ბიუროკრატიას, ბევრად უფრო სწრაფ რეაგირებას ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, ბევრად უფრო გამჭვირვალე სერვისებს, რომლის კონტროლისა და მთელი პროცესის ნახვის საშუალება ექნებათ. მუნიციპალიტეტებს ასეთი სახის ერთიანი ელექტრონული სისტემის დანეგვის შემდეგ ექნებათ წვდომა ცენტრალური ხელისუფლების ელექტრონულ სისტემებთან, რაც ნიშნავს, რომ აღარ იქნება საჭირო წერილების გაგზავნა მუნიციპალიტეტებიდან ცენტრალურ ხელისუფლებაში და ეს დროის ხარჯვა და ზედმეტი ბიუროკრატია, რომელიც ამ პროცესს თან ახლავს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ელექტრონული სერვისების სისტემის დანერგვის პროექტი სამ ეტაპადაა დაყოფილი. პირველ ეტაპზე 21 მუნიციპალიტეტი ჩაერთვება, ხოლო პროექტის დასასრულს 63 მუნიციპალიტეტში 16 სერვისის დანერგვა მოხდება.

პროექტი მსოფლიო ბანკისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.