გიორგი კალანდარიშვილი - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% მონაწილეობას მიიღებს ელექტრონული სერვისების გამოყენებით
გიორგი კალანდარიშვილი - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% მონაწილეობას მიიღებს ელექტრონული სერვისების გამოყენებით

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% მონაწილეობას მიიღებს ელექტრონული სერვისების გამოყენებით, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს არის, ერთი მხრივ, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების გამოყენება, რომლითაც განხორციელდება ამომრჩევლის რეგისტრაცია კენჭისყრის დღეს და მისი არჩევნებში მონაწილეობის დადასტურება, მეორე მხრივ კი, საუბარია ხმის მიცემისა და ხმების მთვლელი აპარატების გამოყენებაზე, რომლებიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დროის ძალიან მოკლე პერიოდში, კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით, ერთი-ორი საათის განმავლობაში გვქონდეს წინასწარი მონაცემები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა 90%-ის შემთხვევაში“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისი თქმით, ათ მუნიციპალიტეტში ჩატარებული არჩევნები იყო გენერალური რეპეტიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„ფართო მასშტაბებს, ცხადია, თავისი გამოწვევები აქვს და აქვს საკითხები, რომელიც საჭიროებს პრაქტიკაში კიდევ ერთხელ დაკვირვებას, რათა თუ რამე იარსებებდა, ჩვენ დარჩენილ წელიწად-ნახევარში მოგვეხდინა მათი გაუმჯობესება, გადაზღვევა და ა.შ“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, განვლილი პილოტები და საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ აპარატები არის ნამდვილად უტყუარი და სარწმუნო, ყველა ადამიანური შეცდომის გამორიცხვის გათვალისწინებით, რაშიც საარჩევნო ადმინისტრაცია კარგა ხანია, დარწმუნდა და ამაში დარწმუნდა კანონმდებელიც, რომელმაც სწორედ ამიტომ მიიღო და საფუძველი ჩაუყარა ამ მნიშვნელოვან რეფორმას.

ამასთან, კალანდარიშვილმა თქვა, რომ დღევანდელი პროცედურა მარკირებას ითვალისწინებს არა მხოლოდ ძირითადი კენჭისყრის შემთხვევაში, არამედ, სიახლის სახით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფი ამომრჩევლებისთვისაც არის გათვალისწინებული, რაც დამატებითი მექანიზმია, როგორც მოდერნიზებული, ისე ტრადიციული საარჩევნო უბნების შემთხვევაში, რომ კიდევ თავიდან იქნას არიდებული შესაძლო მანიპულაციები და სპეკულაციები, რომლებიც შეიძლება, გადასატანი საარჩევო ყუთის სიაში მყოფ პირთან მიმართებაში არსებობდეს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ მოხდა იმ 10%-ის შერჩევა, რომელიც ხმას ტრადიციული მეთოდით მისცემს, კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ შერჩევა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე მოხდა და ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართა, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩენილიყო.

„ჩვენ ერთ-ერთ კრიტერიუმად ავიღეთ, სადაც იყო 300-ზე ნაკლები ამომრჩეველი; ასევე, ისეთი უბნები, რომლებიც რთულად მისადგომი იყო, ან ისეთი უბნები, რომელთა ინფრასტრუქტურა ფიზიკურად არ იძლეოდა შესაძლებლობას, რომ ეს ტექნოლოგიები განთავსებულიყო“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, ცესკო-მ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ელექტრონულად ხმის მიცემა ამომრჩეველთა არათუ 70, არამედ თითქმის 90%-შია შესაძლებელი.

„ეს პასუხობს და მიჰყვება იმ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, რომლებიც უკვე მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის, ევროპულ ქვეყანებში, აშშ-ში, კანადაში და ა.შ., სადაც ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენება ხდება. შესაბამისად, ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 100%-იანი ტექნოლოგიური გამოყენება გვაქვს, რადგან 10%-იან ტრადიციულშიც კი, ჩვენ გვაქვს ბიულეტენების გაციფრულება, რაც ასევე უპრეცედენტო შემთხვევა იყო ქართული არჩევნების ისტორიაში. ეს ჩვენ პირველად დავტესტეთ 29 აპრილის არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.