საქართველოს მთავრობამ სდსს-ში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულება დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ სდსს-ში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულება დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულება დაამტკიცა.

დადგენილების თანახმად, წვევამდელის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულება შეიძლება მოიხადოს სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და საკონტრაქტო სამსახურის სახით. დებულებაში მითითებულია, რომ საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხული წვევამდელები სამსახურს გადიან შესაბამისი კონტრაქტის საფუძველზე, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადის მიხედვით (მოკლევადიანი კონტრაქტი) ან ოთხი წლით (გრძელვადიანი კონტრაქტი).

საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველი წვევამდელი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს მიმართავს შესაბამისი განცხადებით, რომლის მიღების საფუძველია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ წვევამდელთა რიცხოვნობას, კანდიდატთა შერჩევის პერიოდსა და კრიტერიუმებს.

მთავრობის დადგენილების თანახმად, საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის სურვილის მქონე წვევამდელთან ტარდება გასაუბრება, რომლის დროსაც მოწმდება კანდიდატის ზოგადი განათლების დონე და ინტელექტუალური მონაცემები.

სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე ხორციელდება კანდიდატის სპეციალური შესწავლა.

დებულებაში მითითებულია „სამხედრო სავალდებულო, აგრეთვე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხული კანდიდატების სიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრების მთავარი სამმართველო აცნობებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ამავე სამინისტროს შესაბამის სამსახურს ასევე ეცნობება იმ პირთა შესახებ, რომლებსაც უარი ეთქვათ სამხედრო სავალდებულო სამსახურსა და საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვაზე სპეციალური შესწავლის ან/და სპეციალური თეორიულ-პრაქტიკული სწავლების უარყოფითი შედეგების გამო“, – აღნიშნილია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამხედრო ვალდებულების მოხდის წესის შესახებ დებულებაში.

საქართველოს მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 20 თებერვალს გამოქვეყნდა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.