საქართველოს მეტოქე უმწვრთნელოდ დარჩა - სტარკოვსი ლატვიის ნაკრებიდან გაუშვეს
ერთა ლიგის “დ” დივიზიონში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეტოქე, ლატვიის გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა – ამ ბალტიისპირული ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ალექსანდრე სტარკოვსი გაათავისუფლა.
62 წლის სპეციალისტს ლატვიური ფეხბურთის უდიდესი წარმატებები უკავშირდება – მის ხელში ქვეყნის ნაკრებმა 2004 წელს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, სადაც გერმანიასთან 0:0 ითამაშა. ამის შემდეგ სტარკოვსმა მოსკოვის “სპარტაკი” ჩაიბარა და აზერბაიჯანშიც იმუშავა.
სტარკოვსმა ლატვიის ნაკრები სამჯერ ჩაიბარა: 2001-2004 და 2007-2013 წლებში, მესამედ კი – 2017 წლის აპრილში. ის მარიან პახარსის ნაცვლად დანიშნეს, რომელიც შარშან საქართველოსთან ამხანაგურ მატჩში 0:5 წაგების შემდეგ, თბილისში, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზევე გადადგა.
ლატვიის ნაკრებში დიდი იმედებით მიწვეული სტარკოვსის მესამე მცდელობა დიდი იმედგაცრუებით დასრულდა – 26 მარტს, ბალტიისპირელებმა გიბრალტართან 0:1 წააგეს, რაც ამ ქვეყნის ისტორიაში მეორე სანაკრებო გამარჯვება გახლდათ.
62 წლის სტარკოვსის შემცვლელს ლატვიის ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს პერიოდში დაასახელებს.