მეათედ ლატვიის წინააღმდეგ - საქართველო vs ლატვია პირველ არხზე | ერთა ლიგა

2018 წლის 16 ოქტომბერი შესაძლოა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი გახდეს. დღეს ერთა ლიგის D  დივიზიონის პირველ ჯგუფში საქართველოს ნაკრები „დაუგავა არენაზე“ ლატვიის ნაკრებს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში თამაშს ორი ტურით ადრე გაინაღდებს. ამ ყველაფრისთის საჭირო მხოლოდ ერთი გამარჯვებაა. ვლადიმერ ვაისის გუნდისთვის დასახული მიზნის მიღწევაში ხელის შეშლას კარგად ნაცნობი მეტოქე – ლატვია ეცდება.

რას წარმოადგენს ფინელი სპეციალისტის, მიკსუ პაატელანიენის გაწვრთნილი ბალტიისპირული გუნდი, ეს 9 სექტემბერს თბილისში ვიხილეთ, როდესაც ჩვენმა ნაკრებმა 1:0 მოიგო. საინტერესოა, რომ ამ დღეს საქართველოს ნაკრებმა ოფიციალურ შეხვედრაში ლატვია პირველად დაამარცხა.

ამ ბალტიისპირული სახელმწიფოს ნაკრები, ერთა ლიგის D დივიზიონში ერთადერთია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უთამაშია. ამ წარმატებას საფუძველი ნაწილობრივ ქართველმა მწვრთნელმა, რევაზ ძოძუაშვილმა ჩაუყარა, რომელიც ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1998-1999 წლებში გახლდათ.

სწორედ ამ დროს, 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველომ ლატვიასთან პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშა და დამარცხდა: 1998 წლის 10 ოქტომბერს ძოძუაშვილის ლატვიამ ვლადიმერ გუცაევის საქართველოს რიგაში 1:0 სძლია. ერთი წლის შემდეგ კი, თბილისში განმეორებით მატჩში ლატვიას ძოძუაშვილი აღარ წვრთნიდა, საქართველო კი იოჰან ბოსკამპმა ჩაიბარა და მოულოდნელად, მხოლოდ ქულას დასჯერა – 2:2.

პირველი მატჩი 1994 წლის 26 ივნისს გაიმართა და ამხანაგური გახლდათ. ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა საქართველომ რიგაში მეტოქე 3:1 დაამარცხდა.

საქართველოსა და ლატვიის ნაკრებები ისტორიაში ერთმანეთს სულ ცხრაჯერ დაუპირისპირდნენ, ამათგან ხუთი ოფიციალური, ოთხი კი ამხანაგური მატჩი იყო.  ამხანაგურები ქართველებმა სამჯერ მოიგეს, ბალტიისპირელებმა – ერთხელ. ბურთების სხვაობა ჩვენს სასარგებლოდაა – 11:5. რაც შეეხება ოფიციალურ შეხვედრებს, აქ უპირატესობა ლატვიელთა მხარესაა. მათთან ოთხი დაპირისპირებიდან ორში დავმარცხდით, ერთი მოვიგეთ და ორი ფრედ დავასრულეთ, ბურთების შეფარდება 4:5-ზე.

ამხანაგური მატჩები

1994, ლატვია 1:3 საქართველო
1998, ლატვია 1:2 საქართველო
2008, საქართველო 1:3 ლატვია
2017, საქართველო 5:0 ლატვია

ოფიციალური მატჩები

ევრო 2000-ის კვალიფიკაცია
1998, ლატვია 1:0 საქართველო
1999, საქართველო 2:2 ლატვია

ევრო 2012-ის კვალიფიკაცია
2010, ლატვია 1:1 საქართველო
2011, საქართველო 0:1 ლატვია

ერთა ლიგა
2018, საქართველო 1:0 ლატვია

ერთა ლიგაზე ყაზახეთთან (13 ოქტომბერი) და საქართველოსთან (16 ოქტომბერი) საშინაო მატჩებისთვის ლატვიის ნაკრებში ფინელი მწვრთნელის, მუკსუ პაატელაინენის გამოძახებულ მოთამაშეეთა სიას „რიგას“ მცველი ვლადისლავ გაბოვი დააკლდა, რომელიც ნაკრების მარჯვენა ფლანგზე უკონკურენტოა.

მეკარეები: ანდრის ვანინსი (ციურიხი, შვეიცარია), პაველს სტეინბორსი (არკა, პოლონეთი), კასპარს იკსტენსი (რფს)

მცველები: კასპარს დუბრა (რიგა ფს), ვიტალის იაგოდინსკისი (ვენტსპილსი), გინტს ფრეიმანისი (სპარტაკსი), ვიაჩესლავს ისაევსი (რიგას ფს), ვიტალის მაქსიმენკო (ოლიმპია, სლოვენია), მარჩის ოსი (ქსამაქსი, შვეიცარია), ანტონს კურაკინსი (რიგა);

ნახევარმცველები: ალექსანდერს ფერტოვსი (რიგას ფს), ივანს ლუკიანოვსი (რიგა), დავიდ იკაუნიეკსი (იაბლონეცი, ჩეხეთი), იგორს ტარასოვსი (შლიონსკი, პოლონეთი), გლებს კლუსკინსი (რიგას ფს), რიტვას რუგინსი (ვენტსპილსი), ანდრის ციგანიკსი (კამბური, ჰოლანდია);

თავდამსხმელები: ვლადისლავს გუტკოვსკისი (ტერმალიცა, პოლონეთი), დენის რაკელსი (რიგა), რობერტს სავალნიეკსი (რიგას ფს), არტურს კარაშაუსკსი (აკჟაიკი, ყაზახეთი), ვალერის საბალა (პოდბესკიძიე, პოლონეთი).

ლატვიის ნაკრებს D ლიგის პირველ ჯგუფში, ორი ტურის შემდეგ, ერთი ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, საქართველოს ნაკრები კი სამ შეხვედრაში მოპოვებული ცხრა ქულით ჯგუფში პირველია. საინტერესოა, რომ ანდორასთან 3:0 მოგებით რეკორდი დამყარდა: პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, ჩვენმა ნაკრებმა ზედიზედ სამი ოფიციალური მატჩი ისე მოიგო, რომ ბურთი არ გაუშვია.

საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების 16 ოქტომბრის შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელეტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.