საქართველოს კალათბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს კალათბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა 18 კანდიდატი გამოიძახა, რომელთაგანაც 23 და 25 თებერვლის მატჩებისთვის 12 კალათბურთელს შეარჩევს. საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს საქართველოს ეროვნული ნაკრები 23 თებერვალს ავსტრიაში გამართავს, ხოლო 25-ში გერმანიას თბილისში უმასპინძლებს.

ილიას ზუროსმა ნაკრებში ორ ახალ კანდიდატს უხმო – “რუსთავის” სნაიპერი რეზო ჩაჩანიძე და “ქუთაისის” ფორვარდი აკაკი ლომოური ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახეს.

ჩაჩანიძე მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელია და 3 თებერვალს ქუთაისში გამართულ ოლ-სტარში სამქულიანების კონკურსიც მოიგო. ლომოური კი სტაბილურად – შედეგიანად თამაშობს სუპერლიგის ლიდერ “ქუთაისის” შემადგენლობაში.

ფიბა-სა და ევროლიგის შეუთანხმებლობის გამო, ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარებიან გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, ხოლო დუდა სანაძესა და ბექა ბურჯანაძეს კვლავ ტრავმა აწუხებთ. ტრავმა მოირჩინა და ნაკრებს დაუბრუნდა ძირითადი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, რომელიც ფორმაში არ გახლავთ, თუმცა ზუროსს მისი იმედი აქვს და მასთან კონსულტაციის შემდეგ, ნაკრებში გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ახალი წევრით შეივსო. მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის კიდევ ერთი ასისტენტი იქნება კლუბ მარნეულის “დელტას” მთავარი მწვრთნელი, თემურ კანკია. მასთან ერთად ზუროსის ასისტენტები იქნებიან გეორგიოს ლიმნაიტისი, რევაზ როგავა, ტიჰომირ ბუიანი და მილოშ გლიგორიევიჩი.

დღეიდან, საქართველოს ეროვნული გუნდმა სპორტის სასახლეში წვრთნის პროცესი უკვე დაიწყო. სამდღიანი ვარჯიშების შემდეგ, მთავარი მწვრთნელი გუნდის ძირითად 12 მოთამაშეს დაასახელებს და 21 თებერვალს ნაკრები ავსტრიაში გაემგზავრება.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი ავსტრიისა და საქართველოს შორის ვენაში 23 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ავსტრიიდან იმავე ღამეს დაბრუნდება და გერმანიასთან 25 თებერვალს გასამართი მატჩისთვის მზადებას თბილისის სპორტის სასახლეში განაგრძობს.

პირველი არხი ორივე თამაშის რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.