საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 34 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 34 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისებით,  მიმდინარე წლის ოთხი თვის მონაცემებით, 1 208 430 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 34 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს – 903 878 მგზავრი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში.

მიმდინარე წლის ოთხი თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 020 104 მგზავრს მოემსახურა, რაც 35 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  – 754 783.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის ოთხ თვეში მგზავრთნაკადი 14 პროცენტით გაიზარდა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 104 082 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 118 433 მგზავრი შეადგინა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ ოთხ თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 68 261 მგზავრმა ისარგებლა. რაც 59 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42 983.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის პირველ ოთხ თვეში 1 632 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 91 რეისი შესრულდა.