საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 56%-ით გაიზარდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 56%-ით გაიზარდა

2024 წლის თებერვალში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, თებერვალში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 118,507 მგზავრმა ისარგებლა (2023 წლის თებერვალი 75,760 მგზავრი).

„მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო. თებერვალში აეროპორტში რეისები, გასული წლის პერიოდთან შედარებით, 37%-ით გაიზარდა და 350 რეისს მოემსახურა (2023 წლის თებერვალი – 256 რეისი).

2024 წლის ორი თვის ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი – 68%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 52%-ით გაიზარდა.

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება“, – აღნიშნულია  აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.