ირაკლი ღარიბაშვილი - ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შარშან 3,5 მილიარდი დოლარი იყო, წელს მეტს ველოდებით
ირაკლი ღარიბაშვილი - ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შარშან 3,5 მილიარდი დოლარი იყო, წელს მეტს ველოდებით

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შარშან 3,5 მილიარდი დოლარი იყო, წელს მეტს ველოდებით. ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი ისტორიულ მაქსიმუმთან არის მიახლოებული და გადავწყვიტეთ, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3,5 კმ-მდე დავაგრძელოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის აეროპორტის პროექტირება უკვე იწყება და 18 თვეში დასრულებული იქნება როგორც ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

„ტურიზმი აქტიურად ვითარდება. ჩვენ შარშან გვქონდა 3,5 მილიარდი დოლარის შემოსავლები. წელს კიდევ უფრო მეტს ველოდებით. ასევე, მინდა, ვთქვა, რომ აეროპორტებში გაზრდილია და, უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა მიახლოებული მგზავრთა ნაკადი, ქუთაისის აეროპორტში, მაგალითად. რეისების რაოდენობა გაზრდილია, ყველა მიმართულებით ათეული რეისია დამატებული. ქუთაისის აეროპორტში ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის დაპროექტება და მშენებლობა. უნდა მოხდეს 3 500 მეტრამდე, ანუ 3,5 კილომეტრი იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. კიდევ უფრო კარგად მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ქუთაისში ალბათ მალე იქნება მილიონი მგზავრი, მალე მიაღწევს მილიონ მგზავრს, ამიტომ ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება. ამ პროექტირებას ახლა დავიწყებთ და 18 თვეში იქნება უკვე გაკეთებული, დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.