ლევან დავითაშვილი - 2024 წელს საქართველოს აეროპორტები რეკორდული რაოდენობის, 6.8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება
2023 წელი მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო ქვეყნის საავიაციო სექტორისთვის. საქართველოს აეროპორტები ჯამურად ექვს მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, გასულ წელს რეისების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა. მისივე თქმით, 2023 წელს ექვსი პროცენტით გაიზარდა საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობაც.
„საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვიდა ცხრა ახალი ავიაკომპანია და დაემატა 21 ახალი პირდაპირი მიმართულება, მათგან ექვსი ევროპულია. ჯამურად, საქართველოში 50 ავიაკომპანია 108 პირდაპირი მიმართულებით ოპერირებს, რომელთაგან 66 ევროპული მიმართულებაა. მოსალოდნელი პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს აეროპორტები რეკორდული რაოდენობის, 6.8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.