ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 86 პროცენტით გაიზარდა
ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 86 პროცენტით გაიზარდა

ნოემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 86%-ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბერში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 133 732 მგზავრმა ისარგებლა (2022 წლის ნოემბერი – 71,746 მგზავრი).

„მგზავრთნაკადის გარდა, მნიშვნელოვანი ზრდაა ნოემბრის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების კუთხითაც და 56%-იანი ზრდა დაფიქსირდა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ნოემბერში 417 რეისს მოემსახურა (2022 წლის ნოემბერი – 268 რეისი).

რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 11 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1 514 280 მგზავრი გაატარა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 105%-ით აღემატება (2022 წლის იანვარ-ნოემბერი – 665,732 მგზავრი).

ისტორიულია 11 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იანვარ-ნოემბერში 4 504 რეისს მოემსახურა, რაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55%-ით მეტია (2022 წლის იანვარ-ნოემბერი – 737,478 რეისი).

2023 წლის 16 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz AIr-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება. ხოლო 19 დეკემბრიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Pegasus Airlines და სტამბოლი-ქუთაისი-სტამბოლის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.