საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია დიმიტრი გაბუნიას მიმართ ქალთა მოძრაობის წარმომადგენელთა მიმართვაზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია დიმიტრი გაბუნიას მიმართ ქალთა მოძრაობის წარმომადგენელთა მიმართვაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეხმიანება ქალთა მოძრაობის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ გადახედოს საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადვოკატთა ასოციაცია განუხრელად ემხრობა ქალთა და გოგონათა უფლებრივი თანასწორობის იდეას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში – იქნება ეს, შესაბამისი საგანმანათლებლო ღონისძიებები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით პრობონო პროექტები თუ სხვა, თავისი წვლილი შეაქვს აღნიშნული იდეის პრაქტიკულ განხორციელებაში.

„ადვოკატის მიმართ მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ადვოკატის სპეციფიკური როლი მართლმსაჯულების განხორციელებაში. კერძოდ, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით…ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება გარანტირებულია კანონით.“ ამასთან, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დაცვის უფლების განხორციელებისას, ადვოკატი ვალდებულია დაიცვას კლიენტის უფლებები და ინტერესები და ამ პროცესში გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით ან პროფესიული ეთიკის ნორმებით.

ხაზგასასმელია, რომ კლიენტის ინტერესების დაცვის პროცესში ადვოკატის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაცვის ისეთი სტრატეგია, რომელიც შესაძლოა, არ გამოხატავდეს ადვოკატის პირად მოსაზრებებსა თუ შეხედულებებს და მიმართული იყოს მხოლოდ დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისკენ.

იგივე პრინციპები განმტკიცებულია იურიდიული პროფესიის მარეგულირებელ საერთაშორისო მექანიზმებშიც. კერძოდ, ადვოკატის როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების 18-ე მუხლის თანახმად: „ადვოკატები, თავიანთი ფუნქციების შესრულების გამო, არ უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული მათ კლიენტებთან ან მათი კლიენტების ქმედებასთან“,- აღნიშნულია ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები წარმოადგენს ადვოკატის კლიენტთან გაიგივების ფაქტს, ეწინააღმდეგება ადვოკატის საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ და საერთაშორისო ინსტრუმენტებს და მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებისათვის.

„ადვოკატ გაბუნიას მიმართ გაკეთებული ნეგატიური განცხადებები ეწინააღმდეგება სასამართლო სიტყვის თავისუფლების აღიარებულ პრინციპს.

აქვე გვსურს, ყველას მოვუწოდოთ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ადვოკატის როლის და ფუნქციის სწორად გააზრებისკენ და ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ, რომელიც ზიანს მიაყენებს საადვოკატო საქმიანობის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და შესაბამისად, დააზიანებს მართლმსაჯულების ხარისხიანად განხორციელების პროცესს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ქალთა მოძრაობა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას.