შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებს გაუთქმელობის შეთანხმებაზე ხელი მოაწერინეს
შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებს გაუთქმელობის შეთანხმებაზე ხელი მოაწერინეს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ბიუროს პარტნიორებს, სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმის გამოძიების ფარგლებში, გაუთქმელობის შეთანხმებაზე მოაწერინეს ხელი.

გიორგი მიროტაძემ, გიორგი ტალახაძემ და ლაშა ხურცილავამ თითქმის სამსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, პროკურატურის შენობა მედიასთან მცირე კომენტარებით დატოვეს.

„არ მაქვს უფლება, რომ რაღაცა ვთქვა“, – განაცხადა ლაშა ხურცილავამ.

დიმიტრი გაბუნიას კიდევ ერთმა პარტნიორმა, გიორგი მიროტაძემ აღნიშნა, რომ ყველა კითხვაზე პროკურატურას ამომწურავი პასუხები გასცა.

„არ ვარ იურისტი და არავის ვიცნობდი, შუამდგომლობა არავისთვის გამიწევია. შეწყალების სიასთან შეხება არ მქონია“, – განაცხადა მიროტაძემ.

მისი თქმით, შეკითხვები ეხებოდა კლიენტების მოზიდვას.

კიდევ ერთი გამოკითხული გიორგი ტალახაძე ამბობს, რომ შეწყალების საქმეზე არაფერი იცის. მისი თქმით, არც ის იცის, კიდევ მოხდება თუ არა დაბარება საგამოძიებო უწყებაში.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შეწყალების აქტის შემდეგ პროკურატურამ მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შეწყალების საქმეზე უკვე გამოიკითხნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი.

​​მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა – თარაშ მუკბანიანის, დავით ოთხმეზურისა და სოსო ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები.

საქმეზე უკვე გამოიკითხა მოკლული დავით ოთხმეზურის მამა გიორგი ოთხმეზური. გამოძიების კითხვებს უპასუხა მოკლული იოსებ ქოიავას მამამ, თამაზ ქოიავამ. პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

დატოვე კომენტარი