ქალთა მოძრაობის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, დიმიტრი გაბუნიას თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის განხილვას გადახედოს
ქალთა მოძრაობის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, დიმიტრი გაბუნიას თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის განხილვას გადახედოს

ქალთა მოძრაობა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას.

„საქართველომ რიგით მეხუთე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. ქალთა მოძრაობა ულოცავს სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას და შეახსენებს, რომ მას, როგორც ქალ პრეზიდენტს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში. ამის გათვალისწინებით, ქალთა მოძრაობა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას. „რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?“ – რამდენიმე თვის წინ ამ ფრაზით გამოეხმაურა დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს და სწორედ ამ ფრაზით დაგვამახსოვრა თავი ჩვენ, ქალთა მოძრაობის წევრებს. ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა სამ საქმეზე დაადგინა. ამიტომაც, ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ სწორედ დიმიტრი გაბუნია განიხილება საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად. ქალთა მოძრაობის წევრებსა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ #metoo-ს ეპოქაში, სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა“, – აღნიშნულია მიმართვაში.

მიმართვის ავტორები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი მათ მიერ მითითებულ გარემოებას გაითვალისწინებს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას.

„საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისგან ქალები სწორედ ჩვენი უფლებების ადვოკატობას ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ქალთა და გოგონათა გაძლიერებისკენ მიმართულ ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ინიციატივას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პოლიტიკურ გავლენას გამოიყენებს ქალთა მიმართ ნებისმიერი ტიპის ძალადობის აღმოსაფხვრელად”, – აღნიშნულია მიმართვაში.

მიმართვას ხელს აწერს 17 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის: „​ქალთა მოძრაობა“, „საფარი“, „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო“, „ქალთა ფონდი საქართველოში“, „ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის“, „ფონდი ტასო“, ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად“, „ახალგაზრდა ფემინისტები“, „თანასწორობის მოძრაობა“, „რეალური ხალხი, რეალური ხედვა“, „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი“, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), „თანაზიარი“, „განათლებისა და შრომის ასოციაცია“, „სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე“, განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტი, Action Global Communications Georgia.