Gallup -ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა ჩამონათვალში მე-17 ადგილზეა.
კვლევა „მსოფლიო მართლწესრიგი – 2018“ მსოფლიოს 142 ქვეყანაში ჩატარდა და მისი მიზანი ქვეყნებში მართლწესრიგის ინდექსის დადგენაა.
რეიტინგში საქართველოს ქულა 87-ით განისაზღვრა. იგივე ქულა საქართველოსთან ერთად მინიჭებული აქვს ასევე პორტუგალიასა და თურქმენეთს. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად 97 ქულით სინგაპური დასახელდა.
ათეულში მოხვდნენ: ნორვეგია, ისლანდია, ფინეთი, უზბეკეთი, ჰონგ-კონგი, შვეიცარია, კანადა, ინდონეზია, დანია.
რეიტინგში ყველაზე დაბალი – 44 ქულა ვენესუელას აქვს. საფრთხის შემცველი ქვეყნების ათეულში შედიან: ავღანეთი, სამხრეთ სუდანი, გაბონი, ლიბერია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, დომინიკის რესპუბლიკა, ბოტსვანა და სიერა ლეონე.
ამავე კვლევის თანახმად, პოლიციას ყველაზე მეტად მოქალაქეები აშშ-სა და კანადაში ენდობიან, აღნიშნულ ქვეყნებში გამოკითხულთა 82% ენდობა პოლიციას. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ეს მაჩვენებელი 71%-ს შეადგენს. ყველაზე ნაკლებად პოლიციას ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ენდობიან. აქ ნდობის პროცენტული მაჩვენებელი 42-ს შეადგენს.
მართლწესრიგის ინდექსის დასადგენად მოქალაქეებს შემდეგ კითხვებს უსვამდნენ:
• იმ ქალაქსა და ადგილას, სადაც თქვენ ცხოვრობთ, გაქვთ თუ არა ნდობა ადგილობრივი პოლიციის მიმართ? • გრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოდ, როდესაც ღამით მარტო სეირნობთ?
• ბოლო 12 თვის განმავლობაში მოუპარავთ თუ არა თქვენთვის ან თქვენი ოჯახის წევრისთვის ფული ან რაიმე ნივთი?
• ბოლო 12 თვის განმავლობაში ყოფილხართ თუ არა საჯარო სივრცეში შეურაცხყოფის ან თავდასხმის მსხვერპლი?
მართლწესრიგის ინდექსის გასაზომად, სულ 148 000 მოქალაქე გამოიკითხა, როგორც სატელეფონო, ისე პირისპირ ინტერვიუებით. თითოეული ქვეყნიდან დაახლოებით 1 000 ადამიანი. მათი ასაკი 15 წელი ან მეტია.
გამოკითხვა 142 ქვეყანაში ჩატარდა, ცდომილების ზღვარი ±2.1 დან ±5.6 -მდეა. კვლევის სანდოობა კი 95%-ია.