გიგი გიგიაძე - უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შემდეგ, დანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირდა
გიგი გიგიაძე - უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შემდეგ, დანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირდა

მას შემდეგ, რაც დანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება, – ამის შესახებ დანიაში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ორ წელში დანიაში საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მოთხოვნის ზრდა იყო, თუმცა რეალობა შეიცვალა.

„დანიის ინტეგრაციის და ემიგრაციის სამინისტროდან გუშინ ინფორმაცია მივიღეთ, რომ 21 ნოემბრის შემდეგ, რაც დანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი კლება უკვე შეინიშნება, რაც ძალიან კარგი გარემოებაა. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის საკმაოდ დიდი ზრდა გვქონდა, რომლებიც დანიაში თავშესაფარს ითხოვდნენ. 21 ნოემბრის შემდეგ დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში რეალობა სერიოზულად შეიცვალა“, – განაცხადა ელჩმა.

გიგი გიგიაძე განმარტავს, რომ დანიის ხელისუფლებამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში 21 ნოემბერს შეიყვანა. ამ გადაწყვეტილებას წინ ერთი კვირით ადრე საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ვიზიტი და კოპენჰაგენში ამ საკითხის კიდევ ერთხელ გახმოვანება უსწრებდა.

„ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. დანია მე-11 ქვეყანაა რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო და საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა“, – განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდანაც ანალოგიურ გადაწყვეტილებას ელოდება.