საქართველო ლოს-ანჯელესში „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიის ფარგლებში ფილმ „ნამეს“ ჩვენებებს იწყებს
საქართველო ლოს-ანჯელესში „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ კინო ცენტრი ავრცელებს.
ცნობილია, თუ რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის. სპეციალურმა კომისიამ წელს არჩევანი ზაზა ხალვაშის ფილმზე „ნამე“ გააკეთა. რამდენიმე დღეში ქართული მხარე საქართველოს კანდიდატ ფილმს უცხოელ კოლეგებს წარუდგენს.
„ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ კამპანიის ფარგლებში „ნამეს“ პირველი ოფიციალური ჩვენება ლოს ანჯელესში 7 ნოემბერს გაიმართება. დამატებით 2 ჩვენებას კი EFP (European Film Promotion) 11 და 15 ნოემბერს გაუწევს ორგანიზებას.
ჩვენებებს ამერიკის კინოაკადემიის წევრები, საერთაშორისო ბაიერები, კინოს სფეროს წარმომადგენლები და ცნობილი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები დაესწრებიან. ფილმის წარსადგენად ლოს ანჯელესში „ნამეს“ რეჟისორი ზაზა ხალვაში და ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, მარისკა დიასამიძე გაემგზავრებიან.
ჩვენებების დასრულების შემდეგ, მაყურებელს მათთან გასაუბრების შესაძლებლობა ექნება. „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ფილმები მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდანაა წარდგენილი.
„ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ტოკიოს ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.