„ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ წარდგენილი ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“
საქართველოს პირველი არხის თანაპროდიუსერობით გადაღებული ქართული ფილმი „ოსკარზე“ წარსადგენად არის შერჩეული.
რამდენიმე საათის წინ, საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსი ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონმა“ მოიპოვა.
15-კაციანმა სპეციალურმა კომისიამ არჩევანი სამ ნამუშევარს შორის ფარული კენჭისყრით გააკეთა.
ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით შექმნილ „მეოთხე ბრაიტონს“ ტრაიბეკას ფესტივალზე უკვე მიღებული აქვს სამი ჯილდო და ახლა ის ამერიკის კინოაკადემიის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს. ეს არის მამა-შვილის ისტორიაზე აგებული ფილმი ემოციური სიუჟეტით. მთავარ როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი ასრულებს, რომელიც ბრუკლინში ერთადერთი მიზნით ჩადის – შვილს აზარტული თამაშების ვალის დაფარვაში დაეხმაროს.
ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე.
„ოსკართან“ ერთად კოღუაშვილის ცნობილი ნამუშევარი „ოქროს გლობუსის“ ნომინაციისთვისაც იბრძოლებს.