„ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ საქართველოდან გაიგზავნება ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რომლის თანაპროდიუსერია პირველი არხი
„ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ საქართველოდან გაიგზავნება ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რომლის თანაპროდიუსერია პირველი არხი

„ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“ საქართველოდან გაიგზავნება ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რომლის თანაპროდიუსერი საქართველოს პირველი არხია. ფილმი „ოსკარზე“ საქართველოდან საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი.

წელს „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად სამი ქართული ფილმი იბრძოდა: „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ – რეჟისორი – ალექსანდრე კობერიძე; „პერსონა #2“ – რეჟისორი – ნინო ბასილია; „მეოთხე ბრაიტონი“ – რეჟისორი – ლევან კოღუაშვილი.

საქართველოს კანდიდატი ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეარჩია. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: მერაბ ნინიძე, ნანა ჯორჯაძე, ნანა ექვთიმიშვილი, დეა კულუმბეგაშვილი, კონსტანტინე ჩლაიძე, გიორგი ოვაშვილი, რატი ონელი, ლევან კიტია, ვლადიმერ კაჭარავა, ალექსანდრე გაბელია, გიგიშა აბაშიძე, ია სუხიტაშვილი, ირაკლი სოლომანაშვილი, მარიამ ჭაჭია და თამთა გაბრიჩიძე.

„ოსკარზე“ ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა პირველ სექტემბერს დაიწყო.

„ოსკარზე“ გასაგზავნი ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერი კი, საქართველოს პირველი არხია. აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე. „მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.​ თანადამფინანსებელია საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.

ფილმში კახის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“ სამწუხაროდ ბოლო ფილმი აღმოჩნდა. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.

ცოტა ხნის წინ, ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა (საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი): საუკეთესო ფილმი; საუკეთესო სცენარი; საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი.