საქართველო ინტერნეტის თავისუფლების 2019 წლის ინდექსის ათეულში მოხვდა
საქართველო ინტერნეტის თავისუფლების 2019 წლის ინდექსის ათეულში მოხვდა

საქართველო ინტერნეტის თავისუფლების 2019 წლის ინდექსის ათეულში მოხვდა. აღნიშნულ ინდექსს „ფრიდომ ჰაუსი“ ყოველ წელს განსაზღვრავს. კვლევის მიხედვით, საქართველომ მაქსიმალური 100 ქულიდან 75 მიიღო და მეათე ადგილზეა.

„ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საქართველოში საანგარიშო პერიოდში ინტერნეტის თავისუფლება დაცული იყო.

„საანგარიშო პერიოდში ხელისუფლება ძირითადად, პატივს სცემდა და იცავდა ციფრულ უფლებებს. ამავე პერიოდში ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც ინტერნეტთან წვდომის გარანტიას იძლევა. მიუხედავად ამისა, ინტერნეტის თავისუფლებას რამდენიმე მიმართულებით მაინც ემუქრებოდა საფრთხე. წვდომა გაიზარდა, თუმცა ზრდა სუსტი იყო. ტროლინგი, განსაკუთრებით მთავრობასთან დაკავშირებული ბოტების მხრიდან, 2018  წლის ივნისში და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. გარდა ამისა, ინტერნეტის ლანდშაფტს ასევე აზიანებს დევნისა და ზეწოლის ხმაურიანი შემთხვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საანგარიშო პერიოდში“, – ნათქვამია ანგარიშში.

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევაში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე მოვლენაზე. მათ შორის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რა დროსაც ანგარიშის ავტორთა შეფასებით, „ანონიმური აქტორები ინტერნეტ ლანდშაფტს ამახინჯებდნენ სოციალური მედიით გავრცელებული დეზინფორმაციით.“

„არჩევნებზე დამკვირვებლებმა დაადგინეს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას, ორივე,  მმართველი პარტია და ოპოზიციაც ატარებდა დეზინფორმაციულ და ტროლინგის კამპანიას. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოვლინდა დასპონსორებული პოსტები სხვადასხვა ანონიმურ გვერდებზე „ფეისბუქში“, რომლებსაც ორივე კანდიდატის დისკრედიტაციისთვის იყენებდნენ“, – წერს „ფრიდომ ჰაუსი“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო რეგულარულად ატარებს კონკურენტუნარიან არჩევნებს და ქვეყნის დემოკრატიულმა ტრაექტორიამ აჩვენა გაუმჯობესების ნიშნები 2012-2013 წლებში, მთავრობის ცვლილების პერიოდში.

„თუმცა, პროგრესი შეჩერდა ბოლო წლებში. ოლიგარქიულ აქტორებს აქვთ უზარმაზარი გავლენა პოლიტიკაზე და პოლიტიკურ არჩევანზე, ხოლო კანონის უზენაესობას კვლავ აბრკოლებს პოლიტიკური ინტერესები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია 2018 წლის დეკემბერში საქართველოს ახალი კონსტიტუციის ამოქმედება, რომელიც ინტერნეტთან წვდომას მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებად ადგენს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს ევროკომისიის მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების სტრატეგიის ფორმულირება, რაშიც მსოფლიო ბანკის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

„მანამდე მთავრობამ, 2014 წელს ჩამოყალიბებულ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაავალა მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბიჭკოვანი მაგისტრალური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც 2020 წლამდე 2000 დასახლებულ პუნქტს უნდა მომსახურებოდა. 2015 წელს სააგენტომ შექმნა არაკომერციული იურიდიული პირი „ოუფენ ნეთი“, რომელსაც ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნა დაევალა. პროექტს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდი“ აფინანსებდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მთავრობის მირ გამოცხადებულმა ტენდერმა წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიები არ მიიზიდა, რადგან ის წამგებიანად ჩათვალეს. ანგარიშის შედგენის მომენტისთვის „ოუფენ ნეთს“ არ მიუღწევია ხელშესახები პროგრესისთვის ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობაში და ზოგიერთმა მედიასაშუალებამ პროექტს ჩავარდნა უწოდა“, – ნათქვამია ანარიშში.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ კიბერთავდასხმები 2019 წლის მაისისთვის საქართველოში მნიშვნელოვან საკითხს არ წარმოადგენდა, თუმცა ერთ-ერთი წამყვანი ბანკი „თიბისი“ 2018 წლის ივლისში გახდა კიბერთავდასხმის სამიზნე.

„მიუხედავად იმისა, რომ ბანკის წარმომადგენლებმა შეატყობინეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტის შესახებ და მეტიც, მიაწოდეს ლოკაცია, საიდანაც განხორციელდა კიბერთავდასხმა, სამინისტრომ ინციდენტის გამოძიება მხოლოდ რვა თვის შემდეგ დაიწყო, როდესაც თავდასხმის დეტალები პრესისთვის გახდა ცნობილი. ოპოზიციური მედიასაშუალებები ამტკიცებდნენ, რომ ეს თავდასხმა დაკავშირებული იყო პროსამთავრობო ტროლებთან, რომლებსაც იყენებდნენ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, მათ შორის იყო „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, რომელიც ფორმალურად პოლიტიკაში 2019 წლის ივლისში მივიდა“, – წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე მოხვდა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საკითხი.

ინტერნეტის თავისუფლების კუთხით პირველ ადგილზეა ისლანდია, მეორეზე – ესტონეთი, მესამეზე – კანადა. ათეულში ასევე მოხვდნენ გერმანია, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი და სომხეთი.

დატოვე კომენტარი