შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის არაჯანსაღი მართვა უკვე ძალიან კარგად ჩანს ბევრისთვის თავად ევროკავშირის შიგნით, შეუძლებელია, ასეთ პირობებში რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს ევროკავშირს
ცდილობენ, დაფარონ ის წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს კვლევაზე დაფუძნებულ მიგნებებსა და კაია კალასის ჰაერიდან მოტანილ განცხადებებს შორის. ამაზე ხმის არგაღება აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ევროკავშირის არაჯანსაღ მართვასთან, რაც უკვე კარგად ჩანს ბევრისთვის თავად ევროკავშირის შიგნით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის ინდექსთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც, საქართველო დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობით მსოფლიოში მე-17 ადგილზეა.
„პოლიტიკური ამოცანაა, საქართველოს ხელისუფლებაში ის ძალები მოიყვანონ, რომლებიც ვასალურად შეასრულებენ უცხოური პოლიტიკური ჯგუფების მითითებებს. ბრიუსელის ზოგიერთი ჩინოვნიკის მხრიდან პატიოსან დისკუსიასთან რომ გვქონდეს საქმე, სულ მცირე, რეაქცია უნდა იყოს ასეთ რაღაცებზე, რომ გააკრიტიკონ მაინც, თქვან, რომ ეს სწორი არ არის. ამას რომ აჩუმათებენ, ცდილობენ, დაფარონ წინააღმდეგობა, რომელიც არსებობს კვლევაზე დაფუძნებულ მიგნებებსა და კაია კალასის ჰაერიდან მოტანილ განცხადებებს შორის, ამაზე რომ ჩუმდებიან, ხმას არ იღებენ, აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ევროკავშირის არაჯანსაღ მართვასთან. ეს არაჯანსაღი მართვა უკვე ძალიან კარგად ჩანს ბევრისთვის თავად ევროკავშირის შიგნით. შეუძლებელია, ბრიუსელის ასეთი მართვის პირობებში რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს ევროკავშირს, როგორც ერთიან სივრცეს, რადგან არაკვალიფიციურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დამოკიდებულებებს ვხედავთ. ბრიუსელში წამყვანი ძალები როცა არიან ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები, რომელთაც ქართველი ხალხის მიმართ გამოკვეთილად მტრული პოლიტიკა აქვთ, რა თქმა უნდა, იქ არანაირ სიკეთეს არ ველოდებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.