ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის განცხადების ტექსტს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის საბოლოო განცხადების ტექსტს, რომელიც სტრასბურგში, ევროპარლამენტში კომიტეტის ხმათა უმრავლესობით მიიღეს, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს მხარი.
ქართველმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს, მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ განცხადების საბოლოო ტექსტში მათ მიერ წამოყენებული ზოგიერთი ცვლილება, კომიტეტის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, არ აისახა.
„მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი საკმაოდ კრიტიკულია არჩევნებთან მიმართებით, ასევე ასახავს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხს, არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა დაყენებული სხვადასხვა წინადადება, რომლებიც ეხებოდა ია კერზაიას საქმის გამოძიებას, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის ტოტალიტარული რეჟიმის სტილში გამოყენების მაგალითია, ასევე ახალქალაქის ძალადობრივი ინციდენტი. ისევე, როგორც მნიშვნელოვანი გახლდათ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების ასახვა ამ დოკუმენტში, სამწუხაროდ ეს არ იქნა გაზიარებული. თუმცა, მთლიანობაში პოზიტიურად უნდა შეფასდეს ეს დოკუმენტი, ვინაიდან ის მოუწოდებს საქართველოს, იმუშაოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, ეუთო-ს მწვავე რეკომენდაციების გათვალისწინებაზე. ახლა ჯერი უკვე საქართველოს ხელისუფლებაზეა“, – განცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა სტრასბურგში დღეს გაიმართა. სხდომის ბოლოს კომიტეტმა ერთობლივი განცხადება და რეკომენდაციები მიიღო. საქართველოს მიერ 2014-2018 წლებში მიღწეული პროგრესი კომიტეტმა დადებითად შეაფასა.