კახა კუჭავა - ასოცირების კომიტეტის დეკლარაციაში მხარდაჭერა არ ჰქონდა იმ ცვლილებებს, რომლებიც აბსურდული იყო 
კახა კუჭავა - ასოცირების კომიტეტის დეკლარაციაში მხარდაჭერა არ ჰქონდა იმ ცვლილებებს, რომლებიც აბსურდული იყო 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციაში, იყო ხშირ შემთხვევაში აბსურდული ცვლილებები, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა.

მისივე თქმით, რეზოლუცია შესწორებების გარეშეც ძალიან კრიტიკული იყო.

„ძალიან კარგად ჩანს ტექსტი, სადაც მითითებულია რომ წუხილი აქვთ უგულავას საქმესთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო პროცედურულად ამ დროს, შინაარსზე არ აქვთ არანაირი ხაზგასმა, როდესაც თავისუფლად შეიძლებოდა ეთქვათ, მაგრამ არ გააკეთეს და მეორე – იმავე განცხადებაში ძალიან კარგად გაუსვეს ხაზი, რომ მოუწოდებენ ყველა მხარეს, გააგრძელონ დიალოგი საარჩევნო სისტემასთნ დაკავშირებით. ის, რომ განწყობები არის გარკვეული დეპუტატების მხრიდან კრიტიკული, ეს ვიცით, ამას ვერც დავმალავთ და ჩვენ ვცდილობთ მათთან კომუნიკაცია გვქონდეს, რომ არჩევნებზე მტკიცებულებები მივაწოდოთ, და მეორე – მივიღოთ კრიტიკული შენიშვნები მათი მხრიდან, თუმცა, კიდევ ვამბობ, რეზოლუცია იყო კრიტიკული და ამის ჩავარდნა უბრალოდ არასასიამოვნო ფაქტი იყო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისი თქმით, დოკუმენტი კრიტიკული იყო ბევრ ნაწილში, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით, იყო მოწოდებები, რომ გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო დაიხვეწოს პროცედურები.

„იყო დაახლოებით 38 შესწორება, ამათგან ყველა ვერც მოვასწარით გაგვევლო, დროში ვერ ჩავეტიეთ, ესეც აღსანიშნავია. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ნაწილს დავუჭირეთ მხარი, ნაწილს არ დავუჭირეთ, იმ ნაწილში, სადაც მივიჩნევთ, რომ არაადეკვატური იყო იმის ჩაწერა, რაც ჯერ კიდევ დასადგენია ფაქტები, მოლოდინი არავის არ ექნებოდა, რომ მხარს დავუჭერდით. მთლიანად რეზოლუცია ძალიან საინტერესოა, იქ იყო კრიტიკული მიდგომები. ჩემი აზრით, ოპოზიციისთვისაც ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო ამ რეზოლუციის მიღება. თუმცა, რომ მიგვეღო, იმასაც გამოიყენებდნენ, რომ აი, როგორი კრიტიკული რეზოლუცია მივიღეთ, ამიტომ ეს მათი თამაშის ნაწილია, რომელიც არ გვიკვირს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.