გიორგი გვიმრაძე - ქვეყანაში მედიამონიტორინგისა და მედიაექსპერტიზის ძალიან სერიოზული პრობლემაა
გიორგი გვიმრაძე - ქვეყანაში მედიამონიტორინგისა და მედიაექსპერტიზის ძალიან სერიოზული პრობლემაა

ქვეყანაში მედიამონიტორინგისა და მედიაექსპერტიზის ძალიან სერიოზული პრობლემა დგას, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ განაცხადა.

გიორგი გვიმრაძის თქმით, ამ პრობლემის არსებობას ადასტურებს საქართველოში მომზადებული არაერთი ხარვეზიანი დასკვნა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ის ჩანაწერები, რომლებიც ეუთო-ს ანგარიშში სწორედ არაკვალიფიციური მონიტორინგის გამო მოხვდა.

გიორგი გვიმრაძემ კომენტარი გააკეთა ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივაზე. კერძოდ, ოთარ კახიძე ითხოვდა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მიერ დღეს მიღებულ დოკუმენტში საქართველოს პირველი არხის შესახებ ეუთო-ს დასკვნაზე დაყრდნობით გაკეთებულიყო ჩანაწერი, თითქოს „წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სრულად ვერ დაიცვა სარედაქციო დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა“, რასაც კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

„არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია, რომელიც გაგზავნილია უკვე ეუთო-ში. დარწმუნებული ვართ, მათ შორის ეუთო-ს დასკვნაშიც ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ადგილობრივი მედიამონიტორები არ აკმაყოფილებენ კვალიფიკაციას, რომელიც საჭიროა, რათა მსგავსი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციის დასკვნაში მოხვდეს მათ მიერ შესწავლილი ველი. ამის შემდეგ უკვე ცხადია, რომ პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, ეს გამოიყენონ  საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და მიზანმიმართულად ეცადონ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩააყენონ თავის მართლების რეჟიმში. ცხადია, ბუნებრივია, მათ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის დისკრედიტაცია, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი ნდობა სულ უფრო მაღლდება“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.