ირაკლი სესიაშვილი - ასოცირების კომიტეტზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პოლიტიკური მავნებლობა ჩაიდინეს
ირაკლი სესიაშვილი - ასოცირების კომიტეტზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პოლიტიკური მავნებლობა ჩაიდინეს

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პოლიტიკური მავნებლობა ჩაიდინეს.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი საქართველოს თაობაზე დეკლარაციის ჩაგდებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი ლობირებით „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა რეზოლუციის მხარდაჭერაში მონაწილეობა არ მიიღეს, რაც ცუდია ქვეყნისთვის.

„რაც ევროპარლამენტში მოხდა, კარგად გამოჩნდა, რომ აქ არის „ევროპის სახალხო პარტიის“ პოზიციები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსთან“ არის კავშირში. წმინდა, პოლიტიკური, დისციპლინური წესით უდგებიან საკითხებს. ამ ყველაფერს საგანგაშოდ არ ვუყურებ, ვხედავ, როგორც პროცესს. პროცესში ჩვენი ვალდებულება გვაქვს, რომ სახელმწიფოს იმიჯი დავიცვათ, ჩვენი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორე. ასე დავიცავით „რუსთავი 2“-თან მიმართებაში. ევროპარლამენტში გადაწყვეტილების მხარდაჭერა ან არდაჭერა, დამოკიდებულია პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე. თავიანთი პოლიტიკური დისციპლინა აქვთ. რა მოხდა? – ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ის მოხდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“ სურდათ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, მათ შორის, ტყუილების გამოყენებით რეზოლუციაში ცვლილებები შეეტანა, რაც მიუღებელი იყო სახელმწიფოსთვის. ქვეყნის ინტერესი იყო, რომ მხარდაჭერილი ყოფილიყო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მაგრამ ოპონენტებმა პოლიტიკური მავნებლობა ჩაიდინეს. მათი ლობირებით „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა არ მიიღეს რეზოლუციის მხარდაჭერაში, რაც ცუდია ქვეყნისთვის. ეს არის სახე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“. პოლიტიკური მავნებლობა იმაში მდგომარეობს, რომ როცა საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება, ოპონენტები საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე ზრუნავენ და ქვეყნის იმიჯის შელახვას ტყუილებით ცდილობენ, მაგრამ ეს მათ შედეგს ვერ მოუტანს, რადგან ქვეყნის დემოკრატიას პარტნიორი ქვეყნები აფასებენ“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ​ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ. როგორც სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რეზოლუციის ჩავარდნა ოპოზიციის ძალისხმევის შედეგია და მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია.