ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს მიერ 2014-2018 წლებში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა საქართველოს მიერ 2014-2018 წლებში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა თანათავმჯდომარეების, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა და ევროპარლამენტის წევრის, საჯად კარიმის ხელმძღვანელობით, მერვე სხდომა გამართა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გამოყენების პერსპექტივები, სოფლის მეურნეობის განვითარება, ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, სხდომაზე დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ 2014-2018 წლებში მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა საქართველოს მიღწევებს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში, რომლის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA). ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, რომელმაც უკვე მისცა 300 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს შენგენის სივრცეში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას თქმით, უკანასკნელი 4-5 წლის განმავლობაში საქართველომ ევროკავშირთან დაახლოების გრძელი გზა წარმატებით განვლო.

„2014 წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით. 2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით, რითაც უკვე 300 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა და რომლის მიღწევაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ევროპარლამენტს. ევროკავშირი გახდა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი; ქართული ექსპორტის მესამედი სწორედ ევროკავშირის ბაზარზე თავსდება. საქართველო გაწევრიანდა ენერგეტიკულ გაერთიანებაში, შეთანხმებები გააფორმა ევროპოლსა (Europol) და „ევროჯასტთან“ (EuroJust), რაც იძლევა ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობის შესაძლებლობას. სამწუხაროდ, მთელი ეს დადებითი დინამიკა ხდება საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ ოკუპაციის ფონზე. ამ გამოწვევების პირისპირ ჩვენ მარტო არ ვართ. ვხედავთ და ვაფასებთ ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მყარ და უწყვეტ მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერის გამომხატველი რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა 2018 წლის ივნისში რუსული აგრესიიდან 10 წლის თავზე მიიღო“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

ევროპარლამენტის წევრმა, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, საჯად კარიმმა აღნიშნა, რომ ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ევროპარლამენტის მერვე მოწვევის ამ შემადგენლობით ბოლოჯერ შეიკრიბა.

„ეს არის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბოლო სხდომა ამ შემადგენლობით და მოხარული ვარ იმ მიღწევებით, რომელსაც საქართველომ ევროკავშირთან თანამშრომლობით ბოლო პერიოდში მიაღწია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს რეზოლუცია საქართველოს შესახებ, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება, ევროკავშირთან თანამშრომლობის საგზაო რუკა, საქართველოს ხელისუფლების აქტიური ქმედებები, რომ საფრთხე არ შეექმნას უვიზო მიმოსვლის საკითხს. მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლითაც ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა საჯად კარიმმა.

ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე მოხსენებით წარდგა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელმაც ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობისა და ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირებულ უკანონო დაკავებების შესახებ ისაუბრა.

სხდომაზე, თავისუფალი უვიზო რეჟიმის განხორციელებაზე და ამ პროცესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნინო გახარიამ ისაუბრეს.

„საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი შეტყობინება. პირველივე დღიდან მიმდინარეობს პროცესის განხორციელების მონიტორინგი საქართველოს ხელისუფლების მიერ, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს მოქალაქეების უვიზო გადაადგილებას შენგენის ზონაში“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ენერგეტიკის სფეროში საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის, საქართველოს გაწევრიანების შესახებ ენერგეტიკულ გაერთიანებაში და შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თაობაზე მოხსენებით წარდგა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა.

ევროპარლამენტარებს, საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ გააცნო.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასოცირების კომიტეტის მერვე სხდომის დასასრულს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა ერთობლივი განცხადება და რეკომენდაციები მიიღო, სადაც საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი აისახა.

•    მიესალმება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების მუდმივ განვითარებას და კვლავ ეხმიანება  საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, რომელიც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობაა;

•    კომიტეტი ადასტურებს, რომ ახალი უმაღლესი დონის დიალოგი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გაიმართა 2018 წლის ნოემბერში, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის, ისევე როგორც პარტნიორებს შორის დაწესებული ახალ უმაღლესი დონის დიალოგი უსაფრთხოების საკითხებში;

•    კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გამოყენებას, რის შედეგადაც ევროკავშირი საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია;

•    კომიტეტი დადებითად აფასებს ხელისუფლების ძალისხმევას თავისუფალი სავიზო რეჟიმის შეუფერხებელი მუშაობისთვის, იწონებს ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს, მთავრობის ახლო თანამშრომლობას ევროპის სახელმწიფოების საპოლიციო და საბაჟო უწყებებთან, მუდმივ საინფორმაციო კამპანიებს მოქალაქეთა სათანადო ინფორმირებისთვის;

•    კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს მზადყოფნას იყოს ევროპის მთავარი პარტნიორი რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარებისთვის და ასევე იწონებს, რომ ევროპასა და საქართველოს შორის ახალი სატრანსპორტო კავშირები ვითარდება;

•    კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს პარლამენტის ძალისხმევა, აქტიურად იყოს ჩართული როგორც ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესში, ისე  აღმასრულებელი ორგანოების მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობაში; მოიწონა პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა, რომელიც საქართველოს ახალი კონსტიტუციის შესაბამისად,  საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანობას აძლიერებს და თვისობრივად ახალ დონეზე აჰყავს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია;

•    ასოცირების კომიტეტი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერა, გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესის და მის უალტერნატივობას, ასევე იწონებს მთავრობის პოლიტიკას მთელ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში;

ასოცირების კომიტეტი მორიგი სხდომას თბილისში 2019 წლის მეორე ნახევარში გამართავს.