საქართველო ევროკავშირის ახალ ინიციატივაში - Good Human Rights Stories მოხვდა
საქართველო მსოფლიოს 15 ქვეყანასთან ერთად ევროკავშირის ახალ ინიციატივაში – Good Human Rights Stories (GHRS) მოხვდა.
ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, სტავროს ლამბრინიდისის განცხადებით, ინიციატივის ფარგლებში შემუშავებულ სიაში შესულია ადამიანის უფლებების სფეროში სამაგალითო და წარმატებული ქვეყნები, სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებების კარგი სისტემა. საქართველო კი, რეგიონში ერთადერთია, რომელიც ხსენებულ სიაში მოხვდა.
„საქართველოს აქვს შესანიშნავი მიღწევები ადამიანის უფლებების დაცვის შესრულების კუთხით. ეს საკითხი, იმ გამოწვევების ჩათვლით რაც კიდევ არსებობს, სხვებისთვის გასაზიარებლად ძალიან შთამბეჭდავი იქნება. მოხარული ვარ, რომ არსებობს სურვილი კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ამ ინიციატივის ფარგლებში. ჩვენ, როგორც ევროკავშირი, ვამაყობთ საქართველოს პარტნიორობით ამ გარდამავალ ეტაპზე, ადამიანის უფლებების სფეროში და ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოთ ყოველდღიურად ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება. ეს ყველას გვჭირდება“, – აღნიშნა მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მიხეილ ჯანელიძე თავის მხრივ მიესალმა ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართვლოში ვიზიტს და განაცხადა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივი და შესაძლებლობაა აღნიშნულ ინიციატივაში ჩართვა.
„ადამიანის უფლებების საკითხებში, ევროკავშირთან ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია ადამიანების უფლებების დაცვა და ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ საქართველოში, რაც ნამდვილად სამაგალითოა. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ჩავერთოთ ამ ინიციატივაში და გავუზიაროთ სხვა ქვეყნებს ჩვენი პოზიტიური გამოცდილება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისი თქმით, გრძელდება ევროკავშირთან მუშაობა ყველა იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ინსტიტუტების გაძლიერებას და საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტის დანერგვას ქვეყანაში.
„სწორედ ამ თანამშროლობის შედეგია ის სურვილი, რომელიც გაჩნდა, მრავალმხრივ ფორმატშიც გავაგრძელოთ კონკრეტულად ადამიანის უფლებების კუთხით თანამშრომლობა“ – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ინიციატივა – Good Human Rights Stories (GHRS) 2018 წელს, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღებიდან 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტავროს ლამბრინიდისმა წარადგინა. იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ახალი პოზიტიური ნარატივის გავრცელებას.
ინიციატივის საფუძველზე, იგეგმება არაფორმალური რეგიონთაშორისი ჯგუფის შექმნა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ისტორიების გაზიარება. საქართველოსთან ერთად, რეგიონთაშორისი ჯგუფის წევრებად მიწვეულნი არიან – ნორვეგია, არგენტინა, ახალი ზელანდია, ურუგვაი, ჩილე, ინდონეზია, კორეა და სხვა.
როგორც საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების წარმატების მაქსიმალურად წარმოჩენის მიზნით, აღნიშნულ სიაში შეყვანილი არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.
ინიციატივისა და ჯგუფის ოფიციალური წარდგენა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებაზე გაიმართება.