საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ნატალია ილიჩოვას სახლში ჩხრეკა ჩატარდა
საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ნატალია ილიჩოვას სახლში ჩხრეკა ჩატარდა

უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ნატალია ილიჩოვას სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ჩხრეკის შემდეგ ერთ-ერთმა გამომძიებელმა განმარტა, ნატალია ილიჩოვა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია და მისი სახლიდან დოკუმენტები ამოიღეს.

ილიჩოვა 2006-2007 წლებში სადემარკაციო კომისიის წევრი ოყო, რა დროსაც კომისიის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებზე შეთანხმება მოხდა.

საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 24 სექტემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ახალი კარტოგრაფიული მასალები და დოკუმენტები მოვიძიეთ, რამაც შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვის აუცილებლობა გამოიწვიოს“.