დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესზე ორი მოწმე დაიკითხა
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას პროცესზე ორი მოწმე დაიკითხა

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა.

ეროვნული არქივის თანამშრომელმა ნათელა მირიანაშვილმა სასამართლოში განმარტა, რომ ეროვნულ არქივში მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალაა დაცული, რომელსაც სამუშაო პროცესში დემარკაციის და დემილიტარიზაციის სახელმწიფო კომისია იყენებდა. მისივე განმარტებით საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესში თავად ჩართული არ ყოფილა, თუმცა მუშაობდა რუსეთ საქართველოს და სომხეთ საქართველოს მიმართულებით.

მისივე თქმით, რუსეთ საქართველოს საზღვრის დადგენის პროცესში ასევე ჩართული იყო ნატალია ილიჩოვაც, რომელმაც მის მიერ მოძიებული საარქივო მასალის საფუძველზე საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა ნახაზები. მოწმის განმარტებით, ამ ფაქტის საჯაროდ გახმაურების შემდეგ რუსეთის წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მივიდნენ.

რაც შეეხება მეორე მოწმეს, გელა დუმბაძემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანაშემწედ მუშაობდა და 2005 წლის ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის აზერბაიჯანში, შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მისი განმარტებით, ამ შეხვედრას ივერი მელაშვილიც ესწრებოდა.

როგორც მოწმემ თქვა, არ სმენია საქართველოს საზიანოდ შეცვლილი პოზიციის შესახებ და არ იცის სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნები რა დოკუმენტებს ეყრდნობოდა, რადგან არაა კარტოგრაფიული საკითხების მცოდნე. მისი ფუნქცია ორი ქვეყნის სახელმწიფო კომისიების წარმომადგენლების შეხვედრის ორგანიზება იყო.

მელაშვილს და ილიჩოვას საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ედავებიან. მათ აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვთ შეფარდებული.